Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უძეგლო გორი და გრიშა ონიანის გამოცხადება


ზუსტად 11 წლის წინ, 2010 წლის 25 ივნისს, გორში უძეგლოდ გაიღვიძეს. გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი ღამით გაქრა.

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა დიქტატორის ძეგლი გორის ცენტრში აღარ უნდა მდგარიყო, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „თავისუფლების ქარტია“, რომელიც კრძალავს ტოტალიტარიზმისა და ფაშიზმის სიმბოლოების განთავსებას, თუმცა, 11 წელია, კომუნისტები და სტალინისტები უშედეგოდ ითხოვენ გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას. იყო მცდელობა მოედნიდან აღებული ძეგლი მუზეუმის ტერიტორიაზე დაედგათ, ბეტონის კვარცხლბეკიც ჩაასხეს, მაგრამ საკრებულომ ძეგლის განთავსების იდეას მხარი არ დაუჭირა. მაშინ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობამ შედეგი გამოიღო, ზუსტად 11 წლის შემდეგ კი გორში ორგანიზაცია „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი ჩამოდის და ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში აცხადებს, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მერობისთვის იბრძოლებს. ონიანის მთავარი დაპირება სტალინის ძეგლის მოედანზე დაბრუნებაა. ონიანმა დააანონსა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სტალინისა და მისი დედის, ეკატერინე ჯუღაშვილის, ნეშტებს გორის ციხეში გადაასვენებს და ციხე გახდება წმინდა მთა. გარდა ამისა, გორის ციხეში ის დავით აღმაშენებლის გადასვენებასაც აპირებს. იქვე თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის სიმბოლური საფლავების მოწყობასაც გეგმავს. მისი თქმით, ტირიფონის ველზე საერთაშორისო აეროპორტიც უნდა აშენდეს მილიონობით ტურისტის მისაღებად.

არქივი. სტალინის ძეგლი გორში.
არქივი. სტალინის ძეგლი გორში.

მე ომი უნდა დავიწყო ყველას მიმართ და არა ისე, ზოგიერთმა რომ თქვა, პარტიას ვაყალიბებ არავის წინააღმდეგო. მე ასე არ ვაკეთებ, მე პარტიას ვაყალიბებ ყველას წინააღმდეგ. გეტყვით წინაპართა დანაბარებს, შევარდნაძის დანაბარებს: გორი იქცევა მექად. ადამიანობის და თანასწორუფლებიანობის, ვაჟკაცობის და გადარჩენის მექა იქნება და მარტო სტალინი ეყოფა გორს. გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი, რომელიც მოიცავს მთელ მოედანს და დაფარული იქნება სასტუმროებით, კაფეებით. ცენტრალური მოედნიდან გორის ციხეზე უნდა ავიდეს უზარმაზარი ესკალატორები. სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა. კეკეც უნდა გადმოვასვენო აქ და იქ ვისაც უნდა, ჩაწვეს და ჩაძვრეს. აქვე წამოვა საქართველოს გამაერთიანებლის, დიდი დავით აღმაშენებლის, ნეშტი და დაიმარხება გორის ციხეზე", - აცხადებს ონიანი.

„უტოპიური იდეებით პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობა“ - ასე აფასებს გრიშა ონიანის განცხადებებს სამოქალაქო აქტივისტი კატო ქოთოლაშვილი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ტოტალიტარიზმის სიმბოლოების წინააღმდეგ, დიდი ხანია, იბრძვის. მისი აზრით, ასეთი განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საინიციატივო ჯგუფი „მარო“, რომლის წევრიც კატო ქოთოლაშვილია, დიდი ხანია, გორში ცენტრალური ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევას და მისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას მოითხოვს. აგვისტოს ომის დღეებში კი საზოგადოებას მუდმივად შეახსენებენ, რომ გორს რუსეთი ბომბავდა და მას საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს მიტაცებული. სამოქალაქო აქტივისტები წინასაარჩევნოდ გრიშა ონიანთან დისკუსიასა და დებატებში შესვლას არ აპირებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ კანონიც და ისტორიული სამართლიანობაც მათ მხარესაა.

„11 წელი გავიდა ძეგლის დემონტაჟიდან და მას შემდეგ პოლიტიკური ძალები თუ სხვა ჯგუფები ხშირად აქტიურდებიან და დღის წესრიგში აყენებენ ამ ძეგლის დაბრუნების საკითხს, რაც ცოტა სევდიანი ამბავიც არის და, თან, საშიშიც, იმიტომ რომ ხშირად მათ შეხვედრებზე ისმის ხოლმე პრორუსული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. თან, ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონთან „თავისუფლების ქარტია“. დამაფიქრებელია, რომ ახლაც ადამიანები ამ თემებზე ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას. სრულიად უტოპიურია და წარმოუდგენელია, რომ ბატონმა გრიშა ონიანმა ხმების ის რაოდენობა მიიღოს, რომ გორის მერი გახდეს“.

გრიშა ონიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას 3 ივლისს გორში დააფუძნებს. ამ გაერთიანებას „გრიშა ონიანი - მე-20 საუკუნე“ ერქმევა. მის გაერთიანებას უკვე შეუერთდა პრორუსული ორგანიზაცია „მეგობრობა და სამართლიანობა“, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ვლადიმერ ხომერიკმა დააფუძნა.

სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ არ დაუშვას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი პრორუსული ორგანიზაციების აქტიურობა, რადგან ეს რუსეთის ჰიბრიდული და საინფორმაციო პროპაგანდის ნაწილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG