Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი დიღმის მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს


27 ივნისს დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა მწვანე სივრცის დასაცავად და მოუწოდა ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გააუქმონ დახურული ტიპის სტადიონის აშენების გადაწყვეტილება.

2019 წელს „შენი იდეა მერს“ კონკურსის ფარგლებში, ფინალში გასული იდეით და მოქალაქეების მხარდაჭერით, ამ ადგილზე უნდა აშენებულიყო პარკი, მაგრამ ახლა, პარკის ნაცვლად ამ ადგილზე, II მკ. რნ.-ში, კორპუსებს შორის იგეგმება დახურული სტადიონის აშენება, რისთვისაც, როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჰელენ მეჩითოვა ამბობს, მოიჭრა 41 ხე.

„ჩვენ ვართ ამ ქალაქის მოსახლეობა, ქალაქი ჩვენია და ძალიან გვიკვირს, რატომ იღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებებს მოსახლეობისგან დაუკითხავად. თუ მოსახლეობისთვის სასიკეთოა, რატომ არ განიხილავენ ჩვენთან ერთად? ეს ადგილი ყოველთვის იყო საზოგადო მოხმარების, ღია ტიპის სივრცე, გამწვანებული პატარა მოედნებით, ახლა კი ეს ტერიტორია გადაცემულია მშენებლობის უფლებით ფეხბურთის ფედერაციისათვის, რომელიც აქ გეგმავს დახურული ტიპის სტადიონის აშენებას. სტადიონი, ცხადია, გათვლილია მხოლოდ სპორტსმენებზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰელენ მეჩითოვამ.

დიდი დიღმის მოსახლეობა წლებია აპროტესტებს სტადიონის მშენებლობას, საჩივარი აქვს შეტანილი მერიაში, სადაც ორჯერ გაიმართა მოსმენა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

„ვაპირებთ პროტესტის გაშლას, მივმართავთ სხვადასხვა უფლებადაცვით და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს. ჩვენ ვკარგავთ საზოგადო სივრცეებს და ვკარგავთ მწვანე სივრცეებთან ხელმისაწვდომობას. ეს არის ფაქტობრივად უკანასკნელი გამწვანებული ადგილი, რომელსაც, თუ სტადიონი აშენდა, უეჭველად დავკარგავთ. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილეებმა, რომელთა მოთხოვნაა, სტადიონისთვის გამოიყოს სხვა ტერიტორია დიდ დიღომშივე, ხოლო კორპუსებს შორის არსებული ტერიტორია შენარჩუნებულ იქნეს რეკრეაციულ სივრცედ.

XS
SM
MD
LG