Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგენილია პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა


გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაადგინა პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა და გარემო დააბინძურა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

"სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა მოკვლევა სამი მიმართულებით დაიწყო. პირს 3300 ლარამდე ჯარიმის დაკისრება ემუქრება:

  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე;
  • ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
  • ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, საქმის წარმოება წყლის დაბინძურების კვალიფიკაციით დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. სისხლის სამართლის 292-ე მუხლით წყლის დაბინძურებისთვის პირი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა თავისუფლების აღვეთით ვადით ერთ წლამდე.

მდინარის პლასტმასის ბოთლებით დაბინძურების ამსახველი კადრები დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვიდეომასალაში შესაძლებელი იყო პირისა და ავტომობილის იდენტიფიცირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG