Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას გადადგომისთვის ვადას ხვალ 12 საათამდე ვაძლევთ - ნიკა გვარამია


თბილისში, პარლამენტთან მედიის სოლიდარობისთვის გამართული აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან - აქციის მოთხოვნაა გადადგეს მთავრობა სრული შემადგენლობით და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც 5 ივლისს მედიაზე თავდასხმას უწევდა ორგანიზებას ან ამ ძალადობაში მონაწილეობდა.

აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე მისცეს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის გადადგომის შესახბე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგეგმება უწყვეტი აქციები ამ მოთხოვნის შესრულებამდე. სატელევიზიო არხები აპირებენ უარი თქვან მოთხოვნის შესრულებამდე გააშუქონ სხვა ამბები, რომელიც დღეს დილას გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან და 5-6 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობასთან არ არის დააკავშირებული.

"ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა - ხვალ 12 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია: მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. ეს მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული, ხვალ ვიკრიბებით 6 საათზე ისევ აქ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და მთავარი არხის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილას საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდა, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მის სხეულს ექსპერტიზა უტარდება.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული, ძალადობაში სავარაუდოდ ათობით პირი მონაწილეობდა.

გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG