Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა უნდა დატოვოს ღარიბაშვილმა - ჟურნალისტების მოთხოვნა მთავრობის ადმინისტრაციაში


მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ბრიფინგი რამდენიმე წუთით ჟურნალისტებმა შეაწყვეტინეს. ჟურნალისტები მოითხოვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.

პროტესტის ინიციატორი "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე იყო. მან კოლეგებს სთხოვა გვერდით დასდგომოდნენ.

"თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში და ის არის მოძალადე პრემიერი და უნდა წავიდეს თანამდებობიდან. რაღა თქმა უნდა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან მწუხარება მხოლოდ მას შემდეგ გამოთქვა, რაც ჟურნალისტებმა პროტესტი გამოთქვეს, მანამდე კი კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემების გამოცხადებას გეგმავდა.

"ფოტმულას" ჟურნალისტმა მთავრობის წევრებს ტრიბუნასთან 11 ივლისს გარდაცვლილი "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო დაუდო.

ლექსო ლაშქარავაზე სიძულვილის ჯგუფებმა 5 ივლისს იძალადეს. ის 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მოქალაქეებს საპატრიარქომ ქუჩაში გამოსვლისა და "მშვიდობიანი პროტესტკენ" მოუწოდა. მოწოდებები ისმოდა სიძულვილის ჯგუფების მხრიდანაც. ამ დღეს დაშავდა მინიმუმ 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტია.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ და გუშინ წინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

XS
SM
MD
LG