Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძემ არ იცის, გაცვალა თუ არა გახელაძე საქართველომ გობოზოვში


მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის რა პირობით გაათავისუფლა დე ფაქტო რეჟიმმა ზაზა გახელაძე. რუსთავი 2-ის ეთერში მან თქვა, რომ არ იცის გაცვალა თუ არა ქართულმა მხარემ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გახელაძე "სამხრეთ ოსეთის მოქალაქე" ვ. გობოზოვში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახელაძე უპირობოდ არ გაუთავისუფლებია დე ფაქტო რეჟიმს, სააგენტო "რეს"-მა გაავრცელა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.

"დეტალებზე არ მაქვს ინფორმაცია, რა იყო, როგორ იყო, რა გახდა საფუძველი ზაზა გახელაძის გათავისუფლების საფუძველი საბოლოო ჯამში. ჩვენთვის მთავარი იყო ამ მიზნის მიღწევა და ეს მიზანი არის მიღწეული. მთავრობა იყო თავიდან ბოლომდე ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა" - თქვა ირაკლი კობახიძემ. მან არ დააკონკრეტა ვისთან აწარმოებდა საქართველო მოლაპარაკებებს, ცხინვალთან თუ მოსკოვთან, თქვა მხოლოდ ის, რომ "მოლაპარაკებები წარმოებდა იმ ფორმატებით, რომელიც ასეთ შემთხვევებში არის აქტუალური. საპატრიარქოც იყო ჩართული სხვადასხვა ფორმით."

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახელაძე საქართველომ ლარსთან დაკავებულ ვ.გობოზოვში გაცვალა, რომელიც ცხინვალში გახელაძის გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე გადავიდა, გახელაძის გათავისუფლებიდან მალევე გაავრცელა სააგენტო "რეს"- მა.

გახელაძე ცხინვალში, უკაკანო პატიმრობაში 1 წლისა და 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა. დე ფაქტო რეჟიმი ამბობს, რომ მათ გახელაძე სწორედ კირილის შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გახელაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG