Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახელაძეში გაცვლილ გობოზოვს დე ფაქტო პრეზიდენტმა უმასპინძლა


რუსეთის მიერ ოკუპირებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტელეკომპანია „ირ“-მა სდე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისა და საქართველოს ციხიდან გათავისუფლებულ ვადიმ გობოზოვის შეხვედრის კადრები გაავრცელა.

ზაზა გახელაძის გობოზოვში გაცვლის თაობაზე ინფორმაცია 14 ივლისს ოსურმა მედიამ გაავრცელა. ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ იარსებებს მრავალი ვერსია, რომლის მოსმენაც საჭირო არაა.

„ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ, მაგრამ მე გთხოვთ ყველას, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ და რომ ვერსიებს არ უნდა დავუჯეროთ და ჩვენ შევხედოთ შედეგს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანატოლი ბიბილოვმა ვადიმ გობოზოვთან შეხვედრისას აღნიშნა: „მე მადლობელი ვარ სრულიად რუსეთის პატრიარქის და ყველასი ვინც მონაწილეობდა მოლაპარაკების ამ პროცესში. საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირები არ გვაქვს, მოგვიწია შუამავლების მეშვეობით ურთიერთობა და მივიღეთ ეს შედეგი.“

ვადიმ გობოზოვი ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებია, ის სოფელ ელხოტოვოს მკვიდრია. ბიბილოვთან შეხვედრისას მან პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ნათესავებს, რუსეთის პატრიარქს კირილს და ანატოლი ბიბილოვს.

ოსური მედიის ცნობით, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქის, კირილის თხოვნა გაითვალისწინა და საქართველოს მოქალაქე, უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძე გაათავისუფლა. მანამდე, რუსეთის პატრიარქს, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით, საქართველოს პატრიარქმა მიმართა. თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციამ გახელაძის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქის გობოზოვის გადაცემა მოითხოვა.

გობოზოვის სისხლის სამართლის საქმე.

1981 წელს დაბადებული ვადიმ გობოზოვი 2020 წლის 15 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. მას ალან მუზაშვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა.

გობოზოვს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას 2021 წლის ივნისში, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა მიეღოთ.

ჩრდილოეთ ოსეთის მედიის ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში, დაპირისპირება მოხდა ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეებს შორის. 39-წლის ალან მუზაშვილმა ქვის ჩარტყმით მოკლა 64-წლის ალიკ გობოზოვი. ამის შემდეგ, ალიკ გობოზოვის შვილმა, 40-წლის ვადიმ გობოზოვმა შური იძია და მოკლა მამის მკვლელი, ალან მუზაშვილი. ოსური მედიის ცნობით, ვადიმ გობოზოვი ცხინვალს 13 ივლისს, ზაზა გახელაძის გათავისუფლებამდე 1 დღით ადრე გადასცეს.

გახელაძე ცხინვალში, უკაკანო პატიმრობაში 1 წლისა და 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რამდენიმე კვირის წინ ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი გაუგზავნა. დე ფაქტო რეჟიმი ამბობს, რომ მათ გახელაძე სწორედ კირილის შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გახელაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG