Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზიდან ბანერების ჩამოხსნა სთხოვა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, ჟურნალისტებს მიმართავს, ჩამოხსნან პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოფენილი ბანერი „დასაჯეთ დამნაშავეები“.

ის აცხადებს, რომ სწორედ ამ ბანერის ჩამოხსნაზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა პარლამენტში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა:

„არის თხოვნა, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ შეხვედრა, დავსვათ კითხვები. ჩემი ინიციატივით გამოვედი, არ შემეძლო, რომ ეს არ მეთქვა. ის, რაც მოხდა, ამასთან დაკავშირებით, შს მინისტრი მოვიდა პარლამენტში, რომ პასუხები გაგვცეს. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის ან დაიმალა, ან ვინმეს გაურბის. ჩვენ თუ გვინდა, რომ მოვისმინოთ პასუხები, დავსვათ კრიტიკული კითხვები, თქვენც მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ამ პროცესს თვალი ადევნოთ და შემდეგ შეაფასოთ, ამიტომ გთხოვთ, ეს არ არის კონსტრუქციული ქმედება“.

პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

პარალელურად, პროტესტს აგრძელებენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით არიან მისულები. მათ სხდომათა დარბაზში გადმოფინეს ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს რიგგარეშე სხდომაზე უსმენდნენ. ამ დროისათვის, სხდომა შეწყვეტილია. ჯერჯერობით გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა იგი.

ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ, როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც.

XS
SM
MD
LG