Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ორ მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

პეტრას ციხესიმაგრეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოებას ვამცნობთ, რომ უკრაინის ორ მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ და მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონო პრეზიდენტო, მე მადლობას მოგახსენებთ და აქვე ყველას გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ისტორიული გამოცდების შემდეგ ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს დაუდასტურა, რომ იღებს მის მოწვევას, საქართველოში ვიზიტის საკითხზე. ზურაბიშვილმა საქართველოში ზელენსკის ჩამოსვლამდე შეიწყალა სამი პირი, რომელთაც საქართველო ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.

„საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალა, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა. ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“.

დაკავებულებიდან ორი უკრაინელი მეზღვაური იყო, ერთი კი საქართველოს მოქალაქე - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი. ადვოკატის თქმით, სამივე მათგანმა საპატიმრო დღეს, 19 ივლისს, დილით დატოვა.

შეწყალების აქტს ფეისბუკზე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. „ვულოცავ ჩემს თანამებრძოლ მიხეილ ბატურინს მეკობრეთა ტყვეობისგან თავის დაღწევას“, - დაწერა მან.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პატიმრობის მისჯის დროს აღნიშნა, რომ ვერც გამოძიებამ დაადგინა და არც სასამართლოზე გახდა ცნობილი ბრალდებულთა მიზანი, თუ რატომ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გასული წლის ნოემბერში მცურავი ხომალდით. უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო და საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინი 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს. მათ პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯეს.

ბათუმში 19 ივლისს მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG