Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლიტერას“ კონკურსი, ტორესა მოსის შემდეგ, მწერალმა მათე სარალიშვილმაც დატოვა


მათე სარალიშვილი, მწერალი
მათე სარალიშვილი, მწერალი

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისადმი პროტესტის ნიშნად, ლიტერატურული კონკურსიდან „ლიტერა“ თავისი წიგნი მწერალმა მათე სარალიშვილმაც მოხსნა. „ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ“, - დაწერა მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

„ვისაც "მივიწყებულნი" წაუკითხავს, მიხვდება, რატომ ვტოვებ კონკურსს. მივიწყებულნი" 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ.

ამაზე ფიქრისას Toresaს პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ ვერ მიიღებს“, - წერს მწერალი მათე სარალიშვილი.

„ეძღვნება ყველას, ვინც უსამართლოდ დასაჯეს, სხვისი ტვირთი აჰკიდეს ზურგზე.

ეძღვნება ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მათ მომავალ თაობებს. ასევე იმათ, ვისაც ოცდამეერთე საუკუნის ყოველდღიური აყალმაყალი აწუხებს და მით უმეტეს მათ, ვისაც არაფერი აწუხებს ამ ქვეყანაზე“, - აღნიშნავს მწერალი. მათე სარალიშვილის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროს ლიტერატურული კონკურსიდან საკუთარი წიგნის მოხსნის შესახებ გამომცემელთანაც შეთანხმებულია.

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მონაწილეთა გრძელი სია 26 ივლისს გამოქვეყნდა. იმავე დღეს კონკურსიდან თავისი წიგნის მოხსნის შესახებ მწერალმა ტორესა მოსიმ განაცხადა. „ორდროშობანა“ მოიხსნება ლიტერადან. წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან“, - დაწერა ტორესა მოსიმ.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 22 ივლისს სენაკში, ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს.

„მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის მიერ ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის წართმევის გამო პროკურატურას განცხადებით 23 ივლისს მიმართა. ტელეკომპანია ითხოვს საკუთარი ნივთის დაუყოვნებლივ დაბრუნებას და მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ტელეკომპანიაში მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანმა 22 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 2 დანაშაული ჩაიდინა - პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძარცვა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია მიკროფონის დასაბრუნებლად 25 ივლისს სვანეთში დაპატიჟა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG