Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით (და რა არ ვიცით) „დელტა ვარიანტის“ შესახებ


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა. რამდენიმე ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპები კვლავ დაჩქარდა „დელტა“ შტამის გამო. აი, რა არის „დელტა“ და რატომ უნდა ვიცოდეთ მეტი მის შესახებ.

რა არის შტამი და ვარიანტი

დროთა განმავლობაში ყველა ვირუსი განიცდის მუტაციას, მათ შორის SARS-CoV-2 - ვირუსი, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს. ცვლილებების უმეტესობა უმნიშვნელოა და ვირუსის მახასიათებლებზე გავლენა არა აქვს. თუმცა, შესაძლოა ცვლილებამ ახალი შტამი შექმნას და ვირუსი უფრო ადვილად გადამდები, უფრო მომაკვდინებელი ან ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტული გახდეს.

ვარიანტი სახეცვლილი ვირუსია. შტამი კი ისეთი ვარიანტია, რომელსაც თავდაპირველი ვირუსისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ფიზიკური მახასიათებლები აქვს. ყველა შტამი ვარიანტია, ყველა ვარიანტი კი შტამი არ გახლავთ.

რამდენნაირი ვარიანტი არსებობს?

არავინ იცის. SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტები ყოველ კვირას ჩნდება და მათი უმეტესობა მალევე ქრება. თუმცა, ზოგი მათგანი, სახეცვლილი მახასიათებლების მეშვეობით, უკეთ ახერხებს გავრცელებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება ვირუსის მუტაციას და ცალკე გამოყოფს ვარიანტებს, რომლებიც უფრო გადამდებია, უფრო მძიმე დაავადებას იწვევს ან ნაკლებეფექტურს ხდის მასთან ბრძოლის საშუალებებს.

ვირუსის ამ ვარიანტების მეცნიერული სახელწოდება (ვთქვათ, B.1.1.7 ან B.1.617.2) რთული დასამახსოვრებელია. თავდაპირველად შტამებს სახელი სავარაუდო წარმოშობის მიხედვით ერქვა (ბრიტანული, სამხრეთაფრიკული, ინდური...), შემდეგ კი ჯანმომ გადაწყვიტა, მნიშვნელოვანი ვარიანტებისათვის ბერძნული ანბანის ასოების სახელი მიენიჭებინა.

რითია განსაკუთრებული „დელტა ვარიანტი“?

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების აბსოლუტური უმეტესობა "დელტაზე" მოდის
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების აბსოლუტური უმეტესობა "დელტაზე" მოდის

ახალი კორონავირუსის თავდაპირველი შტამი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ის თანდათან ჩაანაცვლა ვირუსის ისეთმა ვარიანტებმა, რომლებიც უფრო სწრაფად გადადის ერთი ორგანიზმიდან მეორეზე. ახლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დომინანტი შტამი SARS-CoV-2-ის „დელტა“ ვარიანტი გახდა. აშშ-ში დაფიქსირებული შემთხვევების 80 პროცენტი სწორედ „დელტაზე“ მოდის. დიდ ბრიტანეთში კი ეს მაჩვენებელი 99 პროცენტია.

რამდენად გადამდებია "დელტა"?

ბრიტანეთში ივნისში ჩატარებული კვლევების მიხედვით, „დელტა“ ვარიანტი სულ მცირე ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი შტამი.

ჩინეთში ჩატარებული კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ „დელტა“ ვარიანტი ორგანიზმში უფრო სწრაფად მრავლდება და 1000-ჯერ მეტ ვირუსს გამოიმუშავებს, ვიდრე თავდაპირველი შტამი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების შიდა ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ნათქვამია, რომ „დელტა“ ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და უფრო გადამდები, ვიდრე ე.წ. გაციება. „უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა სხვა ომი გვაქვს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კორონავირუსით გარდაცვლილთა მემორიალი ლონდონში
კორონავირუსით გარდაცვლილთა მემორიალი ლონდონში

იწვევს თუ არა "დელტა" უფრო მძიმე დაავადებას?

შესაძლოა, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების შიდა ანგარიშში ნათქვამია რომ - კი, იწვევს. იმავე დასკვნამდე მივიდნენ შოტლანდიაში ჩატარებული კვლევის ავტორები - მათი მტკიცებით, „დელტა“ ვარიანტით დაავადებული არავაქცინირებული ინდივიდები ორჯერ უფრო ხშირად საჭიროებდნენ ჰოსპიტალიზაციას, ვიდრე „ალფა“ ვარიანტით ინფიცირებულები.

თუმცა, კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს. სხვა მონაცემების მიხედვით, დაავადების სიმძიმის მხრივ განსხვავება არ არის.

რით განსხვავდება "დელტას" სიმპტომები სხვა ვარიანტებისაგან?

როგორც ჩანს, „დელტა“ ვარიანტს ნაკლებად ახასიათებს ხველა და ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. დიდ ბრიტანეთში, სადაც დღეს ძირითადად მხოლოდ ეს შტამია დომინანტი, ყველაზე ხშირ სიმპტომებად ასახელებენ თავის ტკივილს, ყელის ტკივილს და სურდოს.

იცავს თუ არა ვაქცინა "დელტასგან"?

კი, თუმცა ამჟამად შეუძლებელია ზუსტად თქმა, თუ რომელი ვაქცინა რამდენი პროცენტით ამცირებს ინფიცირების ან სიმპტომური ინფიცირების რისკს. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა, რაც მოსალოდნელიც იყო - აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნის მიერ მიღებული ზომები და სხვა მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ცვლის მიღებულ მონაცემებს.

თუმცა, ყველა კვლევის თანახმად, ვაქცინები მაღალ ეფექტიანობას აჩვენებს „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულთა შორის ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის წინააღმდეგ.

ამის ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა განსხვავება, რომელიც ფიქსირდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში არსებულ ვითარებებს შორის. „დელტა“ ვარიანტმა ორივე ქვეყანაში გამოიწვია ეპიდემიის აფეთქება. თუმცა ბრიტანეთში, სადაც, ამერიკასთან შედარებით, მოსახლეობის გაცილებით მაღალი პროცენტია აცრილი, ბევრად ნაკლებ ადამიანს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის იმ შტატებზე, სადაც ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ამ მხრივ ალაბამისა და ფლორიდის შტატებშია, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტია სრულად აცრილი.

საქართველოში, 5 აგვისტოს მონაცემებით, მოსახლეობის 5 პროცენტიც არ აცრილა სრულად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG