Accessibility links

site logo site logo

წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე: გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი მათ ვერ წარადგინეს


თეა წულუკიანი, საქართველოს კულტურის მინისტრი

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს და სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობენ“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესებზე გამოხატული სამოქალაქო პროტესტის ფარგლებში გამართული აქტივობების კომენტირებისას. 5 აგვისტოს გამართული აქციების მონაწილეებს მან ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში დახმარება შესთავაზა და განაცხადა, რომ შეუძლიათ ჯაჭვის რგოლებად იმუშაონ:

„თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ, სამწუხაროდ, თუ მათთვის სამწუხაროდ, შესაძლებელი. რაც შეეხება თვითონ საქმეს, (იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე) კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, რომელიც არის სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია და იყო ყოველთვის ასე, რომ შალვა ამირანაშვილის მუზეუმი, რომელიც ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მან თქვა, რომ აქვს განცდა, რომ თანამშრომლებს, რომლებიც „ძალიან ბევრს ყვირიან“, ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები აქვთ იმიტომ, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის.

თეა წულუკიანის თქმით, მუზეუმი, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო და დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პერიოდში გამოწვევას წარმოადგენდა, დღესაც გამოწვევად რჩება და სამინისტრო სწორედ ამ გამოწვევის დაძლევას ცდილობს:

„ის [მუზეუმი] დღეს ღიაა, გამჭვირვალეა. ინვენტარიზაციის პროცესი ყველა ფონდში მიმდინარეობს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მუზეუმიდან არის გატანილი არაერთი ექსპონატი და ამის სახელობით სიას დავდებთ ჩვენ სექტემბრის ბოლოს. მანამდე გასაგებია, რომ ვიღაცეებს მოუნდებათ წინასწარ ყვირილი. ეს ერთი, მეორე - შენობა უნდა აღდგეს. შენობის აღდგენას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. ჩვენ გვაქვს მთავრობის შიგნით დისკუსია ამის შესახებ და საბიუჯეტო ასიგნებებში გაისად ეს უკვე აისახება, მაგრამ სანამ თანხა იქნება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შრომა გასაწევი. კონსტრუქციული ნაწილი, როგორ უნდა აღდგეს ეს შენობა. პროექტია საჭირო. ამის თაობაზე უკვე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. ასევე ამ პროცესში, რაც შეეხება უკვე სამუზეუმო საქმეს, ჩართულია დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი, რომელსაც დანანებით უნდა ვთქვა, რომ აზრს არც კი ეკითხებოდნენ... და ჩვენ გვყავს ასევე მუზეუმის შესანიშნავი მენეჯერი, რომელიც მუზეუმს აქამდე კომპეტენტური მენეჯერი არასდროს არ ჰყოლია. ეს გახლავთ ბატონი ნიკა ახალბედაშვილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, ყველა თანამშრომელი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ადგილზე რჩება:

„ვისაც უნდა შრომა, შრომობს, ვისაც უნდა ყვირილი, იყვირებს, მაგრამ ვინც ყვირის, მასაც მოუწევს ბოლოს მუშაობა იმიტომ, რომ ფონდებში არის მძიმე მდგომარეობა და ინვენტარიზაციის შედეგები ამას აჩვენებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, კულტურის სამინისტრო მუზეუმთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციებს განაგრძობს:

„ჩვენ ეკლესიასთან ვაწარმოეთ კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ შენობა რომ აღდგეს, იქ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფიზიკური სამუშაოები იქნება განსახორციელებელი, ექსპონატებმა დროებით უნდა დატოვონ ეს ავარიული შენობა, მანამ სანამ უკან დაბრუნდებიან. და შეირჩა ორი სივრცე, ერთი გახლავთ ჯანაშიას მუზეუმის მომზადებული უკვე საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელ მუზეუმს ვერ დაიტევს, დაიტევს მხოლოდ ნაწილს. და გახლავთ ასევე მეორე სივრცე, შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა 2 კორპუსი, რომელიც მთლიან ფონდებს დაიტევს. ეს ორი ალტერნატივაა დროებითი სივრცეებისთვის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლების და ფასეულობების ინტერესიდან გამომდინარე იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და შენობა სრულად ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში უნდა დაიცალოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG