Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლების საკითხზე თბილისის მერია განცხადებას აქვეყნებს


თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. ასევე, გასული წლის დეკემბრიდან მოხდა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის შესახებ და დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ „თბილსერვისის“ ადმინისტრაცია ამ საკითხებზე მუდმივად მუშაობს და კონკრეტული შედეგები უკვე არის, „მაინც მოხდა გაფიცვის პროვოცირება“. მისი შეფასებით, ეს არის უკანონო გაფიცვა.

„არანაირი პროცედურა, წინასწარი გაფრთხილება ამ შემთხვევაში არ მომხდარა, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, უფრო მეტიც, გაფიცვის ფარგლებსაც გასცდა მათი აქტი. ის თანამშრომლები, ვინც სამუშაოზე დაბრუნებას აპირებდნენ, გარკვეული ჯგუფების მხრიდან „ბულინგის“ მსხვერპლი გახდნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თანამშრომლების გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ და სამუშაო რეჟიმის განახლება. ამას ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვება. შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტი აქამდეც და ამის შემდეგაც ყოველთვის იმუშავებს იმისთვის, რომ სათანადო პირობები შეიქმნას, როგორც ანაზღაურების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მხრივ​“, - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

"თბილსერვისის" თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კომპანიის შენობასთან აქციას მართავენ. კომპანია თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და თბილისში დასუფთავება მას ევალება.

XS
SM
MD
LG