Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე გაფიცვაზე: "ყველა პროვოკაციას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება"


დედაქალაქის მერის მიერ გამთენიისას გავრცელებულ ფეისბუკლაივში ქუჩის ბუნკერებიდან ნაგვის გატანის პროცესია ასახული.

დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში ნაწილობრივ გამოწყობილი კახა კალაძე მადლობას უხდის „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მასთან ერთად სამუშაოდ გავიდნენ.

ქუჩის ბუნკერები მთელი ქალაქის მასშტაბით უკვე გადავსებული იყო 6 აგვისტოს საღამოსთვის, მას შემდეგ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს.

კახა კალაძე გაფიცვას „რამდენიმე კრიმინალის“ მიერ მართულ პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯის საფუძველსაც ხედავს.

„რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით მოხდა გაფიცვა. უფრო სწორად, გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა სამუშაოზე, მიდიოდა მათი ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს. ეს არის დასჯადი და, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, "შესაბამისი პასუხი გაეცემა" ყველას, ვინც "აბუნტებდა ადამიანებს" და "ყველა პროვოკაციას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება".

მერი ამბობს, რომ თბილისში გავსებული ბუნკერების დანახვა გარკვეულ ჯგუფებს გაეხარდათ და ვიღაცები "სელფებსაც" კი იღებდნენ ნარჩენებთან. მათ კალაძე ეუბნება, რომ "კიდევ ბევრი წელი მოუწევთ" დღევანდელი ხელისუფლების მიერ შესრულებული პროექტების ხილვა.

თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოქმედი ორგანიზაციის - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, კომპანიის შენობასთან აქცია 6 აგვისტოს გამართეს. მათი განცხადებით, დაბალი ხელფასების გარდა, მათ არც უნიფორმების სეზონურად გამოცვლის საშუალება აქვთ და, ელემენტარულად, სამუშაო ხელთათმანებსაც საჭიროზე გაცილებით იშვიათად ურიგებენ.

კახა კალაძე ფეისბუკლაივში აცხადებს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან 6 აგვისტოს ბევრი სიცრუე მოისმინა.

გაფიცულები საპროტესტო ქციის გამართვას 7 აგვისტოსაც გეგმავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG