„თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის გაფიცულმა თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, ხელფასების მომატების გარდა, ყველა სხვა მოთხოვნის 15 დღის ვადაში შესრულების შესახებ.
დილიდან განახლებულ აქციაზე, ხელმძღვანელი პირების სახელით გამოცხადდა, რომ ხელფასის მატების საკითხი მომავალი წლის იანვარში განიხილება.
„ხელფასის გაზრდას სხვა პროცედურები სჭირდება, მაგრამ გარანტია არის, რომ პირველი იანვრიდან უეჭველად მომატებული იქნება... 15 დღეში გვეტყვიან, რამდენი იქნება მატება იანვრიდან“, - ასეთია აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლების მიერ გახმოვანებული დაპირება.
ასევე დაიდო პირობა, რომ არცერთი გაფიცული თანამშრომელი არ გათავისუფლება სამსახურიდან. აქციაზე გამოაცხადეს, რომ „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობის გარდა, პრობლემების მოგვარების დაპირებებს იძლევა მერიაც და შედეგებზე პასუხისმგებლობა აიღო დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.
„თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც გაფიცვა 6 აგვისტოს გამოაცხადეს, სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას გეგმავენ.
გაფიცულები ხელფასების გაზრდის გარდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, დაბალი ხელფასების გარდა, მათ არც უნიფორმების სეზონურად გამოცვლის საშუალება აქვთ და, ელემენტარულად, სამუშაო ხელთათმანებსაც საჭიროზე გაცილებით იშვიათად ურიგებენ.
დედაქალაქის მერის მიერ გამთენიისას გავრცელებულ ფეისბუკლაივში ქუჩის ბუნკერებიდან ნაგვის გატანის პროცესია ასახული. დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი კახა კალაძე მადლობას უხდის „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაოდ გავიდნენ.
კახა კალაძე გაფიცვას „რამდენიმე კრიმინალის“ მიერ მართულ პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯის საფუძველსაც ხედავს.
„რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით მოხდა გაფიცვა. უფრო სწორად გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა სამუშაოზე, მიდიოდა მათი ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს. ეს არის დასჯადი და, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ქუჩის ბუნკერები თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით გადაივსო 6 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს. ქალაქის მასშტაბით ნაგავი ეყარა ბუნკერების ირგვლივაც.