Accessibility links

site logo site logo

ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის


ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვაქცინაციის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

„კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი:

აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის.

ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება“, - აღნიშნავს პატრიარქი.

ილია მეორეს მიაჩნია, რომ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში. პატრიარქის განცხადებით, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, მისი აზრით, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.

პატრიარქი ციტირებს სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის დადგენილებას, რომელშიც ნათქვამია: „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.

10 აგვისტოს საპატრიარქომ უარყო ილია მეორის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 48 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 430 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5352 შემთხვევა.

საქართველოში ივლისის ბოლოდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვალების მაჩვენებელმა. ეპიდემიის მეოთხე ტალღის პერიოდში ინფიცირებულთა უმრავლესობას კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე „დელტა“ ვარიანტი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG