Accessibility links

site logo site logo

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთის ახალ სახელმწიფო წყობას მალე განსაზღვრავს


თალიბები ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში. ქაბული, 2021 წლის 15 აგვისტო

ექსტრემისტული დაჯგუფება „თალიბანი“ აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან მშვიდობიანად ცხოვრება სურს, სხვების საქმეებში ჩარევას არ აპირებს და არც ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას დაუშვებს.

ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ უთხრა „თალიბანის“ პოლიტიკური ბიუროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ნაიმმა. მისივე თქმით, თალიბებმა მიაღწიეს „საკუთარი ქვეყნის თავისუფლების და ხალხის დამოუკიდებლობის“ მიზანს.

ნაიმის მტკიცებით, თალიბები უზრუნველყოფენ უცხო ქვეყნების მოქალაქეების და უცხოური მისიების წარმომადგენელთა უსაფრთხოებას და მზად არიან ავღანეთში ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგისთვის.

ნაიმის განცხადებითვე, „თალიბანი“ პატივს სცემს ქალების და უმცირესობათა უფლებებს, თუმცა, მხოლოდ შარიათის ფარგლებში. „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ავღანეთში ომი დასრულებულია, მომავალი სახელმწიფო წყობის ფორმას კი, უახლოეს ხანში განსაზღვრავენ. ნაიმის თქმით, თალიბებს არ სჯერათ, რომ უცხოელი სამხედროები შეძლებენ ავღანეთში შეუმდგარი ექსპერიმენტის გამეორებას.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა", რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

"თალიბანმა" ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG