Accessibility links

site logo site logo

ქვეყნები გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ავღანეთიდან უსაფრთხოდ გამოსვლის გზა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ქუჩებში 16 აგვისტოს თალიბანის სამხედროები პატრულირებენ, მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას მეამბოხეებმა დაამხეს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა. ათობით ქვეყნის მთავრობები გამოდიან მოწოდებით სიმშვიდისკენ, რათა ასობით უცხოელ და ავღანელ პირს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, ამის საშუალება მიეცეს.

აეროპორტს მიაწყდა ქაბულის ათასობით სასოწარკვეთილი მცხოვრები, რომლებიც ცდილობენ გაექცენენ თალიბანის მკაცრ ისლამისტურ მმართველობას. ქვეყნები ავღანეთში თავიანთ წარმომადგენლობებს ამცირებენ, ზოგმა სახელმწიფომ საერთოდ დახურა თავისი საელჩო - იმ ფონზე, როცა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავღანეთში ყოფნის მისია დასასრულს უახლოვდება.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე კონტროლი აშშ-ის სამხედროებმა დაამყარეს, 16 აგვისტოს გაუქმდა კომერციული რეისები - რამაც ქვეყნის დატოვება შეუძლებელი გახადა. "მაღაზიები გაიხსნა, ხალხი სახლიდან გადის და ცხოვრება ნორმალურ ვითარებას უბრუნდება, მაგრამ სხვები ღელავენ მომავლის შესახებ", - გვატყობინებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.

ავღანეთის მთავრობა დაემხო, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა 15 აგვისტოს, როცა თალიბანმა დაიკავა ქაბული - ბოლო ქალაქი, რომელიც იგერიებდა თალიბანის შეტევას, რომლითაც ჯგუფმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად დაიპყრო ტერიტორიები.

ავღანეთში "უსაფრთხოების ვითარების გაუარესების" გამო, 60-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ვინც ავღანეთში ძალაუფლებას და ხელისუფლებას ფლობს, მათ ეკისრება პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ადამიანის სიცოცხლის და საკუთრების დაცვაზე და უსაფრთხოების და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, "გზები, აეროპორტები და საზღვრები ღია უნდა დარჩეს და სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG