Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა


ქაბულის აეროპორტი
ქაბულის აეროპორტი

ავღანეთიდან საქართველოში უნგრეთის მიერ ორგანიზებული სპეცრეისით დაბრუნდა 6 მოქალაქე, რომლებიც ქაბულში, ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ. რეისი გამთენიისას შესრულდა.

ავღანეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრების გარდა დახვდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. მისი ინფორმაციით, ამჟამად ქაბულში რჩება უცხოურ კომპანიებში კონტრაქტით დასაქმებული 16 მოქალაქე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გრძელდება მუშაობა ავღანეთში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციისთვის იმ რეისებით, რომელიც დაგეგმილია. ხვთისიაშვილის თქმით, მთავარი პრობლემაა ქაბულში გადაადგილება და მათი მიყვანა აეროპორტამდე, სადაც ბაზას ამერიკელი, ბრიტანელი და თურქი სამხედროები აკონტროლებენ.

„პარალელურად, თქვენ იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ, რათა საქართველოდან ბორტი გაფრინდეს. ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ქაოსური მდგომარეობაა, მძიმე ვითარებაა და თუ მოხდება მალე გაგზავნა, გამოემგზავრებიან, თუ არა და, რა საშუალებაც უფრო ადრე იქნება, რაც შეიძლება მალე რომ წამოვიყვანოთ, იმ საშუალებას გამოვიყენებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ავღანეთიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნა.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ.

საქართველომ საკუთარი თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთიდან გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG