Accessibility links

site logo site logo

როგორ დაიცვან თავი ორსულებმა დელტა შტამისგან?


როგორ მოქმედებს დელტა შტამი ორსულებზე? რადიო თავისუფლება ამ თემასთან დაკავშირებით ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგს სოფო თამაზაშვილს ესაუბრა.

- COVID-19-ის ადრეულ ფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია შედარებით მეტია, მაგრამ რამდენად სახიფათოა დელტა შტამი ორსულებისთვის?

- დელტა შტამი პაციენტებში ცოტა უფრო აგრესიულად მიმდინარეობს, მაგრამ ორსული და არაორსული ამ შემთხვევაში არ განირჩევა, უბრალოდ, ორსულის იმუნური სისტემა უფრო სუსტია და შესაძლოა მის ორგანიზმში ვირუსი ადვილად მოხვდეს. ამიტომ ორსულებისთვის რეგულაციების დაცვა და აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც დელტა შტამი გავრცელდა და დადგინდა, რომ ის მაღალი სიკვდილიანობით გამორჩევა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის სააგენტო ცალსახად მოუწოდებს ორსულებს, რომ აიცრან. ადრე იყო რეკომენდაციები, ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში გაეკეთებინათ ვაქცინა. ახლა უამრავი კვლევა ტარდება და მათზე დაყრდნობით, ქალი ორსულობის პირველი დღიდან უნდა იყოს აცრილი.

- აქვს თუ არა ვაქცინას უკუჩვენება?

- არ არის აღწერილი რამე შემთხვევა, რომ ან კოვიდი ან ვაქცინა ნაყოფის რამე გართულებას იწვევდეს. „ფაიზერს“ პირდაპირ უწერია ინსტრუქციაში, რომ ის რეკომენდებულია ორსულებისთვის.

ტელეფონი არ ჩერდება, დღე არ გავა, რომ არ დარეკონ და არ იკითხონ, მართლა იწვევს თუ არა ვაქცინა უშვილობას. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. არანაირი სამედიცინო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის უშვილობას იწვევს. საიდან წამოვიდა ეს მითი, ნამდვილად არ ვიცი. ერთადერთი ხსნა ამ ვირუსისგან არის აცრა.

- გადადის თუ არა ვირუსი დედიდან ნაყოფზე?

- კვლევები ამ კუთხით მწირია. არის აღწერილი შემთხვევა, რომ ბავშვი ინფიცირებული დაიბადა, მაგრამ ასევე არის მოსაზრება, რომ „ფაიზერმა“ შეიძლება ნაყოფიც კი დაიცვას დაავადებისგან. კითხულობენ ხოლმე, ვის უფრო აზიანებს კოვიდი: ორსულს, მელოგინეს თუ ახალშობილს. თუ ორსულს აქვს დიაბეტი, მსუქანია და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რისკი მეტია და აცრაც ორმაგად აუცილებელი.

- ბავშვის ძუძუთი კვებაც ჩვეულებრივად შეიძლება?

ძუძუთი კვება არ იკრძალება. არ დასტურდება, რომ ვირუსი ამ გზით გადადის.

- რამე განსხვავება ხომ არ არის სისხლის რეზუსის მიხედვით?

- კოვიდთან დაკავშირებით არა.

- თქვენი გამოცდილებით, ბევრმა გადაიფიქრა დაორსულება?

- კი, ძალიან ბევრი თავს იკავებს დაორსულებისგან. ან დაორსულებამდე ჯერ ვაქცინაციას გეგმავს. ზოგს ამ ვაქცინისაც ეშინია.

- კოვიდპაციენტებს ხშირად აღენიშნებათ დეპრესია, ამავე დროს, არსებობს მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც. რამდენად გართულდება ამ კუთხით პაციენტის მდგომარეობა, თუ მას მშობიარობის შემდეგ COVID-19 დაემართა?

- ორსულებს კოვიდის გარეშეც შეცვლილი აქვთ გუნება-განწყობა და იგივე ხდება მშობიარობის შემდეგაც. კოვიდი, რა თქმა უნდა, ართულებს ამ მდგომარეობას. ამიტომ პაციენტს მხარდაჭერა სჭირდება როგორც ექიმების, ასევე ახლობლების მხრიდანაც.

- რამდენად შეიძლება ორსულმა მიიღოს ის წამლები, რომლებიც COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება?

- გააჩნია, რა სირთულისაა დაავადება, ყველა შემთხვევაში მკურნალობა ინდივიდუალური სქემით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG