Accessibility links

site logo site logo

ვინ და როდის შეძლებს COVID-ვაქცინის მესამე დოზის მიღებას?


საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის დამატების შესახებ მსჯელობას იწყებს. ყოველ შემთხვევაში, ასე უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას 23 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება და საქართველოს ვაქცინაციის პროტოკოლში ცვლილება შევა. მინისტრი განმარტავს, რომ ე.წ. ბუსტერ დოზაზე გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, მიღებულია მხოლოდ „გარკვეულ ჯგუფზე“. რაც შეეხება მესამე დოზის მასობრივ გამოყენებას, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს.

ვინ იგულისხმება „გარკვეულ ჯგუფებში“? როდიდან შეიძლება დაიწყოს საქართველოში ბუსტერ დოზის გამოყენება? რომელ ვაქცინას გამოიყენებს ქვეყანა ბუსტერ დოზებისთვის? - ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მიმართა. ამირან გამყრელიძემ მოგვწერა:

„ჯერ ეს საკითხი მხოლოდ წინასწარი, შიდა განხილვის ეტაპზეა. ჯერ ორი დოზით უნდა აიცრას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი“.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, რადიო თავისუფლებასთან იმ სამომავლო გეგმაზე ლაპარაკობს, რომელიც შესაძლოა, საქართველომ ვაქცინაციის მესამე დოზის დასამტკიცებლად გამოიყენოს. მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ კორონავირუსის ორჯერადი აცრა, ადამიანის იმუნიტეტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ დაიცავდა და აუცილებლად გახდებოდა საჭირო ვაქცინის გაძლიერება, ე.წ. ბუსტერ დოზა, მაგალითად, 6-12 თვის განმავლობაში. ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველო, მესამე დოზების გაკეთებას, პირველ რიგში, განიხილავს სამედიცინო პერსონალისა და ხანდაზმული პირებისთვის:

„თუკი საქართველოში დადგება მესამე დოზის გაკეთების საკითხი, ჩვენ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და იმას, თუ როდის დაიწყო საქართველოში ვაქცინაცია. ჩვენ აპრილში გვყავდა უკვე პირველი ორჯერადად აცრილი ადამიანები. 6-12 თვე უწევს ოქტომბერ-დეკემბერში. ანუ ამ პერიოდიდან შეიძლება იყოს ლაპარაკი მესამე დოზაზე. ან ჩვენ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და ავიღებთ ექვს თვეს მეორე დოზის გაკეთებიდან ან მივიღებთ გადაწყვეტილებას და მესამე, ბუსტერ დოზას გავაკეთებთ გრიპის ვაქცინაციასთან ერთად. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის ქვეყნები, სადაც მესამე დოზის გამოყენება განიხილება, ბუსტერ დოზის კომბინაციას აკეთებენ გრიპის ვაქცინასთან ერთად. ნოემბრიდან, როგორც წესი, იწყება რესპირაციული ვირუსული ინფექციების, მათ შორის, გრიპის სეზონი, ამიტომ კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზისა და გრიპის ვაქცინის კომბინაცია, განიხილება, როგორც იდეალური კომბინაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს რესპირაციული ვირუსების, მათ შორის, კორონავირუსის მატების პირობებში, სამედიცინო პერსონალი და ხანშიშესული მოსახლეობა იყოს დაცული. კომბინირებულ აცრაში კი იგულისხმება ის, რომ ადამიანი ერთ დღეში გაიკეთებს გრიპის ვაქცინასაც და კორონავირუსის ბუსტერ დოზასაც, ანუ, ორ ინექციას ერთი დღის განმავლობაში“.

რატომ ითხოვს „ფაიზერის“ მწარმოებელი კომპანია ვაქცინის მესამე დოზის უფლებას?

ვაქცინაციის დაწყებიდან 7-8 თვის თავზე, აშშ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებას იწყებს. პირველ ეტაპზე, ბუსტერ დოზის გაკეთება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, სექტემბრის დასაწყისიდან იგეგმება.

უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული არაერთი გამოკვლევის თანახმად, კოვიდ-ვაქცინების ეფექტურობა, იქნება ეს ამერიკული, ევროპული თუ ჩინური წარმოების ვაქცინები, დაახლოებით ექვს თვეში იკლებს. ამიტომ ვაქცინის მწარმოებლები, მათ შორის, „ფაიზერი“, მიმართავს აშშ-სა და ევროპულ რეგულატორებს, დაამტკიცონ ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება, რაკიღა, მათი განცხადებით, ორჯერადი ვაქცინაციიდან ექვსი თვის თავზე, იზრდება COVID19-ით ინფიცირების რისკი.

ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევის შედეგები კოვიდ-ვაქცინის მწარმოებელმა, „ფაიზერმა“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტურობა, აცრიდან ექვსი თვის თავზეც მაღალია, მისი მაჩვენებელ 180 დღის გასვლის შემდეგ 13%-ითაა შემცირებული. სწორედ ამიტომ ვაქცინის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ მომავალში საჭირო გახდება ვაქცინირებული პირებისთვის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერ დოზის დამატებაც.

„ფაიზერის“ მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში ამერიკის, თურქეთის, ბრაზილიის, არგენტინის, სამხრეთ აფრიკისა და გერმანიის 46 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 2 306 პირი 12-15 წლის მოზარდი იყო, დანარჩენი კი 16 წელს ზევით. საშუალო ასაკმა 51 წელი შეადგინა:

„ვაქცინის ეფექტურობამ პიკს მიაღწია მეორე დოზის გაკეთებიდან 7 დღის შემდეგ მომდევნო ორი თვის განმავლობაში და შეადგინა 96,2%. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, ეფექტურობა შემცირდა 83,7%-მდე“, - აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები. მათივე თანახმად, კვლავაც საჭიროა დამატებითი კვლევების გაგრძელება, რათა გამოვლინდეს ვაქცინის მდგრადობა ვირუსის წინააღმდეგ, ასევე, საჭირო იქნება თუ არა მესამე დოზების დამატება და რა პერიოდულობით იქნება აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება.

კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებამ ყველაზე მეტად ვაქცინირებული ქვეყნებიც კი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან ამ ქვეყნებში კვლავ იმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფიცირების მატების პარალელურად, ვაქცინირებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული მძიმედ მიმდინარე ავადობის რიცხვი და მინიმუმამდეა დაყვანილი გარდაცვალების მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ, ქვეყნების ნაწილმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ისრაელი.

ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისს დაიწყო. 19 აგვისტოდან კი ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე დაწია. მესამე დოზით ვაქცინირების საშუალება მიეცათ ორსულებს, მასწავლებლებსა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს. მესამე დოზა ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ.

ამ დროისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს თავი შეიკავონ მოქალაქეების მესამე დოზით აცრისგან მინიმუმ სექტემბრამდე, სანამ თითოეული ქვეყნის მცხოვრებთა სულ მცირე 10% მაინც არ იქნება აცრილი. გარდა ამისა, მეცნიერებში, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ჯერჯერობით, არ არის მიღწეული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, ვირუსთან უფრო ეფექტურად საბრძოლველად, არის თუ არა აუცილებელი, კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზის დამატება.

მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელ საკითხთა დირექტორი, მაიკ რიანი ბუსტერ დოზების გამოყენებაზე ლაპარაკისას, ამბობს: „ჩვენ ვგეგმავთ მაშველი ჟილეტები გადავცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ მაშველი ჟილეტები, მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებს, რომლებიც იძირებიან, ვტოვებთ მათ გარეშე“.

ვის და როდიდან აცრიან მესამე დოზით სხვა ქვეყნები?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების პარალელურად, ქვეყნები უკვე ადგენენ გრაფიკსა და გეგმას, თუ ვის და რა პერიოდში აცრიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით:

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები მოქალაქეებისათვის ბუსტერ დოზების გაკეთების შესაძლებლობას 20 სექტემბრიდან იძლევა. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, ბუსტერ დოზების მიღების საშუალება ექნებათ მოქალაქეებს, რომლებიც მინიმუმ რვა თვის წინ აიცრნენ „მოდერნათი“ და „ფაიზერით“. ბუსტერ დოზებს მიიღებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც კიდევ ერთი ამერიკული ვაქცინით „ჯონსონით“ არიან აცრილები. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვაქცინაციის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციაზე.

ავსტრია

ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვაქცინაციიდან 3-9 თვის შემდეგ, მესამე დოზა ვაქცინას მიიღებენ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები, 65 წელს ზემოთ პირები, რისკ-ჯგუფში შემავალი მოქალაქეები. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს ვაქცინის მიღება შეეძლებათ მხოლოდ 9-12 თვის შემდეგ. ავსტრია მოწყვლადი ჯგუფების მესამე დოზით აცრას გეგმავს 17 ოქტომბრიდან, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმუნოკომპრომისულ პაციენტებს, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, უფრო ადრეც შეეძლებათ ბუსტერ დოზის მიღება.

საფრანგეთი

საფრანგეთი, დიდი ალბათობით, სექტემბრის პირველ კვირაში დაიწყებს რისკ-ჯგუფში შემავალი და ხანდაზმული მოქალაქეების მესამე დოზით აცრას. ბუსტერ დოზებისთვის გამოყენებული იქნება ვაქცინები „ფაიზერი“ და „მოდერნა“.

გერმანია

სექტემბრიდან იწყებს ხანდაზმული და რისკ-ჯგუფში მყოფი მოქალაქეების, მათ შორის, იმუნოკომპრომისული პაციენტების აცრას გერმანია. ვაქცინაციისთვის გამოყენებული იქნება „ფაიზერი“ და „მოდერნა“.

ბელგია

ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, შემოდგომიდან, კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზებს მიიღებს იმუნოკომპრომისული პაციენტები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 300 ათასიდან 400 ათასამდე მერყეობს, მათ შორის იქნებიან, აივ/შიდსის მქონე პირები, სისხლის კიბოთი დაავადებული პაციენტები, და პირები, რომლებსაც ორგანოები აქვთ გადანერგილი.

ესპანეთი

ესპანეთი მესამე დოზით ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ამის რეკომენდაციას გასცემს ევროპის წამლის სააგენტო.

დიდი ბრიტანეთი

ბუსტერ დოზების გაკეთებას დიდი ბრიტანეთი სექტემბრიდან გეგმავს. პირველ ეტაპზე, ვაქცინის მესამე დოზას მიიღებენ რისკ-ჯგუფში შემავალი მოქალაქეები. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, იმუნოკომპრომისული პაციენტები, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები, 70 წელს ზემოთ მოქალაქეები და ვირუსთან ბრძოლის პირველ ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს. მეორე ეტაპზე, ბუსტერ დოზით აიცრებიან 50 წელს ზემოთ მოქალაქეები, იმუნოკომპრომისული პაციენტების ოჯახის წევრები და 16-49 წლის პირები, რომლებიც რისკ-ჯგუფში შედიან. თუმცა, საბოლოო მწვანე შუქი ვაქცინაციის გეგმას იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა უნდა აუნთოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობას ჯერ არ უთქვამს, რომელ ვაქცინას გამოიყენებს ბუსტერ დოზებისთვის.

შვეიცარია

შვეიცარიამ უკვე შეუკვეთა 43 მილიონი დოზა ვაქცინა, მათ შორის, ბუსტერ დოზებისთვის, რომლის გაკეთებაც, სავარაუდოდ, 2022 წლიდან დაიწყება.

უნგრეთი

უნგრეთი ყველა ვაქცინირებულს, რომელთა ვაქცინაციიდან ოთხი თვე გავიდა, სთავაზობს ბუსტერ დოზას. ბუსტერ დოზების მიღება ქვეყანაში აგვისტოს დასაწყისიდანაა შესაძლებელი.

ლიეტუვა

ლიეტუვამ მესამე დოზით ვაქცინაცია აგვისტოს დასაწყისში დაუშვა იმუნოკომპრომისული პაციენტებისათვის. მათ ბუსტერ დოზის მიღება მეორე აცრიდან 180 დღის შემდეგ შეუძლიათ. ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ბუსტერ დოზის მიღება, აცრას, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში შეძლებენ. ამ დროისათვის, ბუსტერ დოზისთვის გამოიყენება მხოლოდ ამერიკული წარმოების ვაქცინა „ფაიზერი“.

ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აგვისტოს ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას, როდიდან და ვინ მიიღებს ვაქცინის მესამე დოზას.

რუსეთი

რუსეთმა საკუთარ მოქალაქეებს მესამე დოზით ვაქცინაცია ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში შესთავაზა და ამით გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით ცრის. შეგახსენებთ, რუსეთში მოსახლეობის ვაქცინაციისათვის გამოიყენება ადგილობრივი წარმოების ვაქცინა „სპუტნიკი V“, რომელსაც არცერთი მკაცრი რეგულატორის, მათ შორის, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ დრომდე, არ გაუვლია.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეამ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ აპირებს მოიმარაგოს mRNA ვაქცინები, რათა მომავალი წლიდან 52 მილიონი მოსახლე ბუსტერ დოზებით აცრას.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 979 813 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.0%. სრულად, ანუ ორი დოზით ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.3%. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი. ვაქცინაცია საქართველოში 5 თვის წინ, 15 მარტს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG