კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327- მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
პანკისის ხეობაში, ქორეთსა და დუისში გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადგილობრივი დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, ამ წუთებშიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, თუმცა სამართალდამცავი უწყებისგან ოფიციალური ინფორმაცია ვერ მიიღო, რას ედავებიან დაკავებულებს. მაჩალიკაშვილის თანახმად, 4 დაკავებული 18-დან 20 წლამდეა, ერთი კი 50-მდე.
„ერთი რამ გავარკვიე, რომ ჩხრეკის შედეგად მათი სახლებიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არაფერია ამოღებული, სხვა ჯერ არაფერი ვიცი“ - ამბობს მაჩალიკაშვილი.
„აქ არანაირ დანაშაულზე არ არის ლაპარაკი, ასეთი დაკავებები ხდება ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში. ახლა ამ დაკავებული პირების ახლობლებს მოსთხოვენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას. ასევე სუს-ი მოითხოვს, რომ მათ დამატებითი მხარდამჭერები მოძებნონ, რომლებიც მთავრობას მისცემენ ხმას. გასულ ორ არჩევნებზეც ასე მოხდა. 5 ადამიანი იყო დაკავებული და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, პანკისიდან ხმები წაიღეს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას დუისში მცხოვრები მალხაზ მაჩალიკაშვილი.
რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების გარკვევას.