Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელი დაარწმუნა შეთანხმების დღის წესრიგის ერთგულებაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერში წერს, რომ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრას და საქართველოს შეთანხმების ერთგულებას შეახსენებს, ამ კონტექსტში ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც საუბრობს. შარლ მიშელი, იმედოვნებს, რომ მიკროსაფინანსო დახმარების მოლოდინში საქართველოს მთავრობა შეთანხმებების ერთგულებას აჩვენებს.

კიევში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა 23 აგვისტოს გაიმართა. ღარიბაშვილი და მიშელი ერთმანეთს ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

საქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირმა 180 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი და 150 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მობილიზება მოახდინა. ამ თანხის ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

28 ივლისს, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG