Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი: მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ როგორ შეიძლება მკაცრი „ლოკდაუნი“ განვიხილოთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხარს არ უჭერს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი „ლოკდაუნის“ გამოყენებას. როგორც ის აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც ეკონომიკის გახსნას მოითხოვდნენ, ამჟამად ეკონომიკის ჩაკეტვის ინიციატივით გამოდიან.

„ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ კოვიდპანდემიის დროს, მკაცრი „ლოკდაუნების“ პირობებში მოსახლეობამ მიიღო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჩავარდა ღრმა დეპრესიაში. როდესაც მეცნიერებმა გამოიგონეს ვაქცინაცია, ანუ გაჩნდა წამალი, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსისგან გვიცავს, ქვეყნებმა დაიწყეს სხვა ტიპის მართვა, ანუ დაიწყეს ეკონომიკის გახსნა და მკაცრი შეზღუდვები შეარბილეს. ჩვენც ანალოგიურად, რაც დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა, ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა. მოგეხსენებათ, ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაუჭირდა, განსაკუთრებით 2020 წელს, ვინაიდან ათიათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. 200-ლარიანი დახმარება არ იყო საკმარისი.

აპრილში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - 45%-იანი. ბიზნესს მიეცა თავდაჯერებულობა იმ პოლიტიკური სიმყარიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ შევქმენით. ბიზნესს აქვს სტაბილურობის და პროგნოზირებადობის განცდა. მაისში გვქონდა ასევე მაღალი ზრდა - 25%. ივნისში - 18%. ბოლო ექვს თვეში გვაქვს 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - თქვა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ტურისტული ნაკადის ზრდას სჭირდება შენარჩუნება.

„ამერიკის და ევროპის ქვეყნების ლიდერები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ქვეყნები აღარ ჩაიკეტება, შეიძლება ლოკალური შეზღუდვები დავაწესოთ, მაგრამ ქვეყნის და ეკონომიკის გაჩერების უფლება არ გვაქვს. ამის უფლება არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, გერმანიას, ევროპის დედაქალაქებს. ჩვენ მით უმეტეს, ჯერ კიდევ ღარიბმა სახელმწიფომ და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ როგორ შეიძლება მკაცრი „ლოკდაუნი“ განვიხილოთ. ადამიანები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ ეკონომიკა გაგვეხსნა, დღეს გამოდიან, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის. ვერც ამაში გვაჯობებენ. გვაქვს ამის გამოცდილება - 24 საათში გადავკეტეთ ყველაფერი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამაზე ადვილი რა არის, მაგრამ ეს არის გამოსავალი?! ეს არ არის გამოსავალი, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება დაბალანსებულლი მიდგომა, ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან, კოვიდინფექციამ 1129 ადამიანი იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 747 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5021 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG