Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მამა ვერ ჩაითვლებოდა სრულად ვაქცინირებულად“ - ორი დოზით აცრილი პაციენტის გარდაცვალების დეტალები


საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 23 აგვისტოს გავრცელდა. სწორედ ორი დღის წინ დაადასტურა მედიასთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომ ქვეყანაში ორჯერ ვაქცინირებული პირის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მშრალი ინფორმაციის გარდა, არც ჯანდაცვის სამინისტროსა და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დამატებითი ინფორმაცია ორჯერადად ვაქცინირებულის გარდაცვალების შესახებ არც იმ დღეს და არც მას შემდეგ არ გაუვრცელებია. მათი განმარტებით, ინფორმაცია კონფიდენციალურია და დამატებით განცხადებებს ამ საკითხზე ვერ გააკეთებენ.

მაგალითად, ამ უწყებებში არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს, რამდენი ხანი იყო გასული მეორე ვაქცინაციიდან, რა ასაკის იყო პაციენტი, ჰქონდა თუ არა მას ქრონიკული დაავადებები, როდის მოხვდა კლინიკაში და ა.შ.

არადა, როდესაც ლაპარაკია ორგზის ვაქცინირებული პირის გარდაცვალებაზე, იმ ფაქტსაც აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, თუ რამდენი ხანი იყო გასული მეორე დოზის გაკეთებიდან მის დაინფიცირებამდე და შემდეგ გარდაცვალებამდე, რადგან როგორც გამოკვლევებით დასტურდება, სრული იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ ყალიბდება. ანუ, ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ორი დოზის გაკეთებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ითვლება, შესაბამისად, თუკი ადამიანი ამ დრომდე ინფიცირდება და მისი მდგომარეობა მძიმდება, მაშინ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირი სრულად ვაქცინირებულად არ ითვლებოდა.

ორი დოზით ვაქცინირებული გარდაცვლილი პაციენტი 63 წლის მწერალი და პუბლიცისტი, ვაჟა შაქარაშვილია. ის კორონავირუსით 22 აგვისტოს გარდაიცვალა. რადიო თავისუფლება მის შვილს, მხატვარ მარიამ შაქარაშვილს დაუკავშირდა, რომელიც დრეზდენში, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ერთი თვის წინ გაემგზავრა და მამასთან გამომშვიდობება ვეღარ მოასწრო.

როგორც მარიამი გვეუბნება, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გააგებინოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამა ორჯერ იყო აცრილი, ის სრულად ვაქცინირებულად არ ითვლებოდა, რადგან ინფიცირების პირველი ნიშნები ვაჟა შაქარაშვილს მეორე დოზის გაკეთებიდან მეოთხე-მეხუთე დღეს დაეწყო:

„ცხადია, მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ადამიანი სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ მას შემდეგ ითვლება, რაც მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირა გავა. მამა მეორე დოზის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა. მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ეს კარგად გააცნობიეროს და არ შეიქმნას წარმოდგენა, რომ აი, თითქოს სრულად ვაქცინირებული ადამიანებიც კვდებიან კოვიდით. მამა არ ითვლებოდა სრულად ვაქცინირებულად“.

ვაჟა შაქარაშვილს ვირუსის პირველი ნიშნები 7 აგვისტოს გამოუვლინდა. კოვიდი 10 აგვისტოს დაუდასტურდა. მასთან ერთად დაინფიცირდა მისი ცოლიც. როგორც მარიამი გვიყვება, მათი მდგომარეობა თავდაპირველად სტაბილური იყო და სახლში მკურნალობდნენ, თუმცა, რამდენიმე დღეში მამის მდგომარეობა გართულდა და საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა. ვაჟა შაქარაშვილი გორში, კლინიკა „გორმედში“ 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა, ის 22 აგვისტოს, გამთენიისას გარდაიცვალა:

„ზოგან წერენ, რომ მამას სიმსივნე ჰქონდა, რომ მამა 80 წლის იყო. არა, მამა 63 წლის იყო, მას სიმსივნე არ ჰქონია და არც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, ორი წლის განმავლობაში იჯდა სახლში, რადგან ძალიან ეშინოდა კოვიდის და ძალიან ფრთხილობდა. ჩვენც სულ გვაფრთხილებდა. ძალიან მინდოდა მშობლებისთვის მაგალითი მიმეცა და როგორც კი საშუალება გაჩნდა, მაშინვე ავიცერი. ჩემს შემდეგ ჯერ დედა აიცრა, მერე კი მამა. დედ-მამა რომ დაინფიცირდნენ, თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ. ნორმალურად გრძნობდნენ თავს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, დედას რომ ველაპარაკე, მითხრა, მამა კლინიკაში გადაიყვანესო. როგორც ვიცი, მამა კლინიკაში ცუდად არ გრძნობდა თავს, თუმცა, იყო ჟანგბადდამოკიდებული, ჰქონდა 12-ბალიანი ფილტვების ანთება. ვიცი, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, მამას ანალიზებში თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, ვიცოდით, რომ რამდენიმე დღეში უნდა გამოეწერათ კიდეც, მაგრამ მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, ჟანგბადის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა და ფაქტობრივად რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მამას ორგანიზმში ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ იყო სრულად გამომუშავებული ანტისხეულები. მამა ისედაც ძალიან ემოციური იყო, ორი კვირა იწვა კლინიკაში, ალბათ ამანაც ძალიან იმოქმედა მასზე, ფსიქოლოგიურად გატყდა. მამა საღად მოაზროვნე კაცი იყო და ძალიან სჯეროდა მეცნიერების. ის იყო ავტორი წიგნისა, რომელიც ეძღვნებოდა, სანკტ-პეტერბურგის პასტერის სახ. ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, თამაზ ფერაძეს, რომელიც წითელას საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი მთავარი თანაავტორი იყო. კარგად იცოდა მამამ მეცნიერების ფასი“.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული პირის გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გარდაცვლილის ოჯახის წევრის მონათხრობის თანახმად, გარდაცვლილი სრულად ვაქცინირებულად არ ითვლებოდა, რადგან მისი ინფიცირება მეორე დოზის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე 23 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საუბრობდა ორგზის ვაქცინირებულის გარდაცვალების ორი ფაქტის შესწავლის შესახებ. თუმცა, ამ დროისათვის, მხოლოდ ერთი პირის გარდაცვალების ფაქტი დასტურდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, შეერთებულ შტატებში სრულად ვაქცინირებულთა გარდაცვალების მხოლოდ 0,001%-ია დაფიქსირებული. სრულად ვაქცინირებულთა მხოლოდ 0,004% ხვდება კლინიკებში.

დღეს ავტორიზირებული კოვიდ-საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა, 100%-ით არ იცავს ადამიანს ინფიცირებისაგან, თუმცა, ვაქცინირებული ადამიანი მაქსიმალურად არის დაცული დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან.

25 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 32,9% აცრილია კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით. 24,8% სრულად ვაქცინირებულია.

რაც შეეხება საქართველოს, 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 25,2%. სრულად აცრილია მოსახლეობის 11,2%.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან, კოვიდ-ინფექციამ 1129 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 6949 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG