Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ჟურნალისტებს მერიის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა


სიუჟეტის მოსამზადებლად მისულ ტელეკომპანია „მეგა ტვ"-ს და რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რესპონდენტმა, რომელიც ქუთაისის მერიის თანამშრომელია.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს ეზოში შესულ ჟურნალისტებს, 2 ადამიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და შემდეგ ხელის კვრით ცდილობენ ტერიტორიიდან მათ გაყვანას.

ჟურნალისტები მერს საჯარო მოხელის საქციელზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ჟურნალისტი თამუნა გრიგალაშვილი ამბობს, რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტთან ლილე ბერაძესთან ერთად ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის კანონიერების გასაშუქებლად იყვნენ მისული. მათ ადგილობრივმა იულია ლანჩავამ სთხოვა საკითხით დაინტერესება.

„მოქალაქემ მოგვმართა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მფლობელი, ცდილობდა ღობის აშენებას. იმის გამო, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ვერ თუ არ გაატარა ქმედითი ღონისძიება, რათა მშენებლობა წარმოებულიყო პროექტის შესაბამისად, სურდა მისი უფლებები დაგვეცვა და პრობლემა გამხდარიყო საჯარო. ადგილზე მისულს სამშენებლო სამუშაოების ნაწილი შესრულებული დაგვხვდა. როდესაც ოპერატორი მშენებლობას იღებდა, სასტუმროს ეზოში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა და კაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ქალი მე ტელეკომპანია „მეგა ტვ“-დან გათავისუფლებით დამემუქრა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალი, სასტუმროს მფლობელის შვილი, ნანო კიკნაძე ქუთაისის მერიის საინფორმაციო ცენტრის მკვლევარ ოპერატორია.“- აცხადებს თამუნა გრიგალაშვილი და დასძენს, რომ შემდგომი რეაგირების შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახურისგან ელოდება.

როგორც რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტი ლილე ბერიძე ამბობს, მათი მიზანი იყო ფაქტის ობექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება, რისთვისაც ადგილზე მისულებს საპასუხოდ მეორე მხარის ჩაწერა სურდათ, სასტუმროს ეზოში შესულებს იქ მყოფები აგრეიულად დახვდნენ:

„მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეეძლოთ ეთქვათ, რომ არ სურდათ კომენტარის გაკეთება, მაგრამ დაგვხვდენ აგრესიით, გვემუქრებოდნენ ძაღლს მოგიქსევთ თუ არ წახვალთო. უშვერი სიტყვებით გვლანძღავდენ, საშინელი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. გვეუბნედოდნენ, ერთი მხარის პოზიციას იჭერთო, სინამდვილეში, მათთან მივედით, იმისთვის, რომ ფაქტი დაბალანსებულად გაგვეშუქებინა და ორივე მხარის პოზიცია მოგვესმინა, რის საშუალებაც არ მოგვეცა. საშინლად აგრესიულები იყვნენ, რაც გაუმართლებელია. ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს არ უნდა გვიშლიდნენ“,- ამბობს ლილე ბერაძე და დასძენს, რომ პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლისა და შეურაცხყოფისთვის სამართლებრივად იბრძოლებს.

ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტს მედიის მიმართ ძალადობის წახალისებით ხსნის ტელეკომპანია „მეგა ტვ“ -ს მენეჯერი ნანა თოშხუა და მოქალაქეებს მოუწოდებს ნუ იქნებიან აგრესიულები მედიის წარმომადგენლების მიმართ.

„ჟურნალისტებისადმი შეურაცხმყოფელი და თავხედური დამოკიდებულება ქვეყანაში მედიის მიმართ ძალადობის წახალისებით არის განპირობებული, ამდენად მსგავსი ფაქტი არ არის მოულოდნელი. ჩემთვის და „მეგა ტვ“-თვის უმნიშვნელოვანესია ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა და ზუსტად ვიცი, რომ „მეგა ტვ“-ს ჟურნალისტები ინფორმაციის მიღების მიზნით მივიდნენ გადაღების ობიექტზე. ასევე არასოდეს შემინიშნავს „მეგა ტვ“-ელებისგან მათ საქმიანობაში არაეთიკური და არაპროფესიული უნარჩვევები. გარდა იმისა, რომ მათ აქვთ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, მე ვგრძნობ მაქსიმალურ პასუხსმგებლობას, მათი უფლებისა და უსაფრთხოებისადმი და ვთხოვ მოქალაქეებს, ნუ იქნებიან აგრესიულები, რადგან მედია მათი ყველას მოკავშირეა რათქმაუნდა, სამართლიანობის ფარგლებში“, -აცხადებს ნანა თოშხუა.

ჟურნალისტების შეურაცხყოფის გამო ივლისში სამსახური დატოვა ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებების თანამშრომელმა ოთო კვალიაშვილმა. მას ჟურნალისტები სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს გამართული მდუმარე აქციისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG