Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამწლიანი ბრძოლის შემდეგ ჩანჩქერის ტერიტორია შემოღობეს


თბილისის ზღვაზე შემოღობეს .. ჩანჩქერის ტერიტორია, სადაც შსს- მონაცემებით, 2015-2017 წლებში 6 ადამიანი დაიღუპა.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი დაიხრჩო. მას შემდეგ მისი მამა, ალეკო ცქიტიშვილი, ამ ტერიტორიის შემოღობვას ითხოვს. ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე იმავეს ითხოვდნენ ამავე ადგილას დაღუპული 14 წლის ნოდარ შამათავას მშობლებიც. ისინი თანახმაც კი იყვნენ, ტერიტორიის შემოღობვის ხარჯი თავად დაეფარათ. მშობლები აცხადებენ, რომ სახიფათო ტერიტორიაზე არ იყო დაცული სათანადო ზომები, რის გამოც ბავშვებმა მოახერხეს ჩანჩქერამდე მისულიყვნენ.

ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია 2018 წელს
ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია 2018 წელს

2017 წლის დეკემბერში ალეკო ცქიტიშვილმა და მაკა წიკლაურმა (ნოდარ შამათავას დედა) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. მოსარჩელეები მოითხოვდნენ, თბილისის მერიას თბილისის ზღვაზე მოეწყო მყარი ბარიერები, სათვალთვალო კამერები, გამაფრთხილებელი აბრები და ა.შ. მოპასუხე მხარედ, ასევე, ჩართული იყო წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP.

ჩანჩქერის ტერიტორია 2021 წელს
ჩანჩქერის ტერიტორია 2021 წელს

ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლო დავიდან მე-3 წელს ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გააკეთეს მყარი ჯებირი, რკინის მყარი მესრით და ეკლიანი მავთულებით, რომელზე გადასვლა ადამიანისთვის შეუძლებელია.

ფაქტობრივად მოვითხოვდით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საკუთარი ეზო მოეწესრიგებინა და დაეცვა, რაზეც გვეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ ახლა ვნახეთ, რომ GWP მხარეს ვიდეოკამერები დამონტაჟებულია და ღობეც გაკეთებული. ანუ ამ მხრიდან ჩანჩქერის ტერიტორიაზე შეღწევა შეუძლებელი იქნება. თუმცა, დარჩენილია ერთი მონაკვეთი პლაჟზე, იქ ჯერ არ არის ბარიერი. აქედანაც შეიძლება ბავშვები მოხვდნენ ჩანჩქერზე. ამიტომ ეს ვიდეოკამერები უნდა ჩართონ. ახლა, სავარაუდოდ, არ არის ჩართული, რადგან ვნახე, ჩანჩქერზე კაცი თევზაობდა. ვიღაც უნდა იჯდეს კამერებთან, რომ მსგავს შემთხვევაში მიუთითოს და გამოიყვანოს, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

ჩანჩქერის ტერიტორიაზე სათევზაოდ შეპარვას მაინც ახერხებენ
ჩანჩქერის ტერიტორიაზე სათევზაოდ შეპარვას მაინც ახერხებენ

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, პროცესი სამი წლის განმავლობაში გაიწელა, რადგანაც მოპასუხე მხარეები ვერ თანხმდებოდნენ, ვის საკუთრებაში იყო აღნიშნული ტერიტორია და ვის უნდა მიეღო შესაბამისი ზომები მოქალაქეების დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG