Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსპიტალიზების რეკორდული და სიკვდილიანობის სტაბილურად მზარდი მაჩვენებელი


ქავთარაძის ქუჩაზე, სისხლის ბანკში გახსნილ საველე ჰოსპიტალში, 30 აგვისტოს მონაცემებით, 92 კოვიდპაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა. ბოლო 24 საათში, მდგომარეობის დამძიმების გამო, საველე ჰოსპიტლიდან კლინიკებში სამი პაციენტი გადაიყვანეს. ჰოსპიტლიდან ბინაზე გაწერეს ოთხი პაციენტი. საველე ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია. ჰოსპიტალში პაციენტების რაოდენობა ყოველ დღე მატულობს.

სწორედ ამ საველე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 28 აგვისტოს 76 წლის პაციენტი. მერაბ ჩიქოვანი, საველე ჰოსპიტლის კურატორი გვეუბნება, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანის დროს სტაბილური იყო, თუმცა, მამაკაცი ე.წ. ჰაი-ფლოუს, ანუ მაღალი ინტენსივობის ჟანგბადის აპარატზე იყო დამოკიდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა სხვა პაციენტებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მძიმე იყო:

„ამის ფონზე მოხდა მისი მდგომარეობის უეცარი გაუარესება, გულის გაჩერების გამო. დავიწყეთ რეანიმაცია, თუმცა, რეანიმაცია უშედეგო იყო. ვერ მოვახერხეთ გულის ამუშავება“, - გვეუბნება მერაბ ჩიქოვანი, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე, საველე ჰოსპიტალში რეანიმაციისთვის განკუთვნილი სულ ორი აპარატი არსებობს.

იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ 24 აგვისტოს გახსნილ საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ და იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ კორონავირუსის ორწლიანმა პანდემიამ და პაციენტების მართვის გამოცდილებამ, უკვე აჩვენა სამედიცინო საზოგადოებას, მედპერსონალს, რომ კოვიდ-პაციენტების უეცარი დამძიმება არ არის იშვიათი შემთხვევა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის საველე ჰოსპიტლებში, სადაც შესაძლოა ერთბაშად 200-მდე საშუალო სიმძიმის პაციენტი მკურნალობდეს, სავარაუდოდ, რეანიმაციისათვის უფრო მეტი მობილიზებაა საჭირო. მერაბ ჩიქოვანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს:

მერაბ ჩიქოვანი, საველე ჰოსპიტლის კურატორი
მერაბ ჩიქოვანი, საველე ჰოსპიტლის კურატორი

„გვაქვს ორი აპარატი, მაგრამ გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და ნაწილი პაციენტებისა არის შესაძლო გაუარესების პროგნოზით, ამიტომ ვაკეთებთ ისე, რომ ეს აპარატები გამოვიყენოთ ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც შესაძლოა გაგვიუარესდეს, რათა მათი რეფერალის დაყოვნების შემთხვევაში, არ დადგეს ლეტალური შედეგი. გვაქვს გათვლა, ვიმსჯელებთ, დავამატებთ თუ არა ინტენსიური განყოფილების ბლოკს, მაგრამ ეს არ არის მარტივი დასაორგანიზებელი. ინტენსიური მეთვალყურეობის ბლოკს სჭირდება მუდმივად ადგილზე დამატებითი შტატი, უფრო დიდი რაოდენობით ჟანგბადის ორგანიზება და ამ ყველაფერს სჭირდება ორგანიზება“.

კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი, რომელიც დიღმის ოლიმპიურ ბაზაზე, ფრენბურთის დარბაზში, 16 აგვისტოს გაიხსნა და რომელმაც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავა, ფუნქციონირება 27 აგვისტოს, დროებით შეაჩერა.

ჰოსპიტლის მუშაობის შეჩერების მიზეზად კი მისმა კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ ის ფაქტი დაასახელა, რომ კლინიკებში თავისუფალი ადგილები გაჩნდა:

„საწოლფონდი კლინიკებში არის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მიღებას გავაჩერებთ ანუ კლინიკებში ადგილები გამოთავისუფლდა. ჩვენ არ ვიხურებით, უბრალოდ "დავრეზერვდებით" და აღჭურვილობითაც და მედპერსონალითაც ვიქნებით მზად, თუ ამის საჭიროება გახდება. როგორც კი გახდება საჭირო, პროცესში ჩავერთვებით. რაც შეეხება პაციენტებს, მათი ნაწილი ეწერება სახლში, ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადავა“, - თქვა რევაზ კუჭუხიძემ 27 აგვისტოს.

პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე, ქვეყანა რომ საველე ჰოსპიტლების გახსნას იწყებს, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ ანი ქავთარაძის აზრით, პირდაპირ მიუთითებს პანდემიის არასწორ მართვაზე და კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორც პაციენტების მკურნალობის, ისე მთლიანად, პროცესის მართვის გარშემო.

ანი ქავთარაძე ამბობს, რომ მორიგ ტალღას, რომელიც მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ როგორც ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა, ისე მთავრობამ კარგად იცოდა, ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი დახვდა და ამ სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად საველე ჰოსპიტლების გახსნა დაინახა, რაც ვირუსული ინფექციის პანდემიისას, მისი თქმით, სრულიად არამართებული გადაწყვეტილებაა.

ანი ქავთარაძე გვიხსნის, რომ თუკი მაინც დგება დღის წესრიგში მსგავსი ჰოსპიტლების გახსნის საკითხი, ის, მხოლოდ და მხოლოდ, პაციენტების ტრიაჟისთვის უნდა იყოს გამოყენებული და იქ ავადმყოფები სამკურნალოდ არ უნდა რჩებოდნენ:

რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ანი ქავთარაძე
რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ანი ქავთარაძე

„ასეთი ჰოსპიტლები მაქსიმუმ შესაძლოა გამოვიყენოთ, როგორც პაციენტების დახარისხებისა და სტაბილიზაციის ადგილი, საიდანაც მოხდება შემდგომ ჰოსპიტალში გადაყვანა, გაცილებით უფრო მაღალტექნოლოგიურ სივრცეში, სადაც მათ გაეწევათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება. ამ სივრცეში პაციენტის დიდი ხნით დაყოვნება არ შეიძლება. პანდემიის დასაწყისში, იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჰქონდათ ვირუსის მაღალი გავრცელება, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ესაჭიროებოდათ სივრცე, სადაც მოახდენდნენ პაციენტების სტაბილიზაციას და ტრიაჟს. იქ პაციენტების დაყოვნება არ ხდებოდა, ხდებოდა ამ პაციენტების კლინიკებში გადანაწილება იმის მიხედვით, თუ რა რესურსი ჰქონდა კლინიკებს. ჩვენთან კი ვხედავთ, რომ პაციენტები საველე ჰოსპიტლებში სამკურნალოდ რჩებიან“.

30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ 8 413 საწოლია მობილიზებული კოვიდპაციენტებისთვის. აქედან დაკავებულია 7 660, ეს არის კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. მათ შორის, 1 660 ინტენსიური განყოფილების პაციენტია, 371 კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ქვეყნის მასშტაბით არსებული 808 ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, დაკავებულია 371 აპარატი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 1915 შემთხვევა გამოვლინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც 29 აგვისტოს შემთხვევაში, როდესაც ასევე შედარებით ნაკლები იყო ინფიცირების მაჩვენებელი, გასათვალისწინებელია შაბათ-კვირის ფაქტორი, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მცირე რაოდენობის ტესტი ტარდება. ფუჭი ოპტიმიზმის გამოსარიცხად, ასეთ დროს დადებითობის ყოველდღიურ მაჩვენებელს უნდა შევხედოთ, რომელიც უკვე თითქმის მთელი თვეა 9-12%-ის ფარგლებში მერყეობს. ასეთი იყო ბოლო 24 საათის დადებითობის მაჩვენებელიც - 8,94%. რაც შეეხება ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელს, ის 10,44%-ია.

ბოლო ორი კვირაა იმატებს მძიმე პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელიც და მათი საერთო წილი 3,4%-ს შეადგენს. მცირედით, მაგრამ მაინც იმატებს კრიტიკული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი პაციენტების რაოდენობაც. თუკი 15 აგვისტოს მათი პროცენტული მაჩვენებელი 0,57% იყო, დღეს ეს მონაცემი 0,76%-ია. სტაბილურად, 70-იდან 79-ის ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა.

30 აგვისტოს ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში გარდაიცვალა 6 წლის ბავშვიც.

ამ ფონზე, საყურადღებოა კიდევ ერთი მონაცემი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, საგანგაშოა. თუკი წინა დღეებში ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 25-26 ათასის ფარგლებში და რიგ დღეებში, კიდევ უფრო მაღალ რიცხვს, 30 000-ს აღწევდა, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში მხოლოდ 17 670 მოქალაქე აიცრა. 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 13,4%. ერთი დოზით აცრილია 27,3%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG