Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროებიდან ყველაზე ბოლოს ავღანეთი დატოვა გენერალმა დონაჰიუმ


სულ ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა, გენერალი დონაჰიუა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ადის ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ქაბულის აეროპორტში, თვითმფრინავ C-17-ის ბორტზე.

გენერალი კრის დონაჰიუ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაურია. სწორედ ეს დივიზია იყო პასუხისმგებელი ქაბულის აეროპორტიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციაზე. აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც 15 აგვისტოს, რადიკალურმა დაჯგუფებამ დაიბრუნა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთიდან გაიყვანეს დაახლოებით 123 000 ადამიანი.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

თავად აშშ-მა ავღანეთიდან სამხედროების გაყვანა წუხელ დაასრულა. შესაბამისად, დასრულდა ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი, ოცწლიანი ოპერაცია, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან მალევე დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG