Accessibility links

site logo site logo

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი მოაწერა "მიშელის შეთანხმებას"


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს, 2 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისში მოაწერა ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელსაც პარლამენტში არჩეული ოპოზიციური ძალების ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი აპრილში მოაწერეს და მმართველი პარტიის მიერ უკვე ანულირებულადაა გამოცხადებული.

„მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, ხელმოწერით აცხადებენ მზაობას და ხაზს უსვამენ რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გაიმარჯვებენ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა. "ქართულმა ოცნებამ" მიზეზად დაასახელა ისიც, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადაში, 2024 წელს ჩატარდება.

"ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანი იყო საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG