Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი გადაჰყავთ დროებითი მოთავსების იზოლატორში


რაფაელ მურსაკულოვი
რაფაელ მურსაკულოვი

რაფაელ მურსაკულოვი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე 8 სექტემბერს დააკავეს, ადვოკატის ინფორმაციით, გადაჰყავთ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მას ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში არ მიეცა მურსაკულოვთან პირისპირ შეხვედრის საშუალება. როგორც მურსაკულოვის ინტერესების დამცველი ამბობს, იზოლატორში გადაყვანისთავე მას შეხვდება და მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, მანამდე კი უჭირს საქმის შესახებ საუბარი.

„TV პირველმა“ გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმად მურსაკულოვი მთაწმინდის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ამავე დოკუმენტის თანახმად, მას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

გარდა ამისა, მურსაკულოვი ჩანს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, რასაც თავად ზარქუა გამოეხმაურა.

„ეს არის 2018 ან 2019 წელი, სადაც ჩვენ მთაწმინდაზე არჩევნები გვქონდა და ერთ-ერთი აქტივისტია, ეტყობა. გვარი და სახელი ვერ გავიხსენე და ფოტოზე მივხვდი მერე. აქ მარტივია ჩვენი პოზიცია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა დროს რას წარმოადგენს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, ვინც არ უნდა იყოს”, - ირაკლი ზარქუას კომენტარს „ფორმულა აქვეყნებს“.

„ფეისბუკზე“ კი ზარქუამ დაწერა: „ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ“.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება დაწყუებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ამ მუხლით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG