Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტახტისძირში მცოცავი ოკუპაციის პროცესი განახლდა


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მათ ადრე დამონტაჟებულ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან მავთულხლართები გაავლეს.

ტახტისძირში ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, რაც სახნავ-სათესი ფართობების და საძოვრების დაკარგვას ნიშნავს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, „ბორდერიზაციის“ შედეგად დაახლოებით 30 ჰექტარამდე მიწა დაიკარგა, რომლითაც ადრე ტახტისძირელები სარგებლობდნენ. ადგილობრივები ახლა ოკუპაციის ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთებში ვეღარ გადიან, რადგან მათი გატაცების რისკი მაღალია.

ტახტისძირში განვითარებული მოვლენების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება.

„მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპაციო ღობის შიგნით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ იქნა გავლებული მავთულხლართები. საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი“.

სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG