Accessibility links

site logo site logo

გახარია გეგმავს, ევროპაში ჩაიტაროს ნარკოტესტირება


გიორგი გახარია

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინიციატივას ნარკოტესტირების გავლის შესახებ, გამოეხმაურა გიორგი გახარია, პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატი. როგორც მან თქვა, გეგმავს, ნარკოტესტირება ჩაიტაროს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამ გადაწყვეტილების მიზეზსაც ასახელებს.

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულაციების საშუალება, მე არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გადავდგამთ იმ ნაბიჯს ჩვენს გუნდთან თათბირის შემდეგ, დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. ამ ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო. მე არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ იმ ნაბიჯის შემდგომ, რომელსაც მე გადავდგამ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“

კალაძემ ასევე თქვა, რომ არავინ გაითვალისწინა მისი მოწოდება, დედაქალაქის მერობის კანდიდატებს ჩაებარებინათ ნარკოტესტი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი. „შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს“, - დაამატა მან.

გახარია კი ამბობს, რომ მისთვის ეს საკითხი არ არის ამოწურული და მხოლოდ ახლა იწყებს მასზე საუბარს.

საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG