Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარ ლუდმილა დენისოვასთან ერთად საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა. მან უკრაინელ კოლეგას სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა გააცნო.

უკრაინის სახალხო დამცველს ესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ვალია ვანიშვილი, რომელმაც თავის ყოველდღიურ მძიმე ცხოვრებასა და ოკუპანტებისგან შევიწროებაზე უამბო.

ვალია ვანიშვილი, დათა ვანიშვილის ცოლია. დათა ვანიშვილი გარდაცვალებამდე მავთულხლართებთან მისულ სტუმრებს ოკუპაციის შედეგებზე და თავის გასაჭირზე ესაუბრებოდა ხოლმე. იგი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და სახლის მიტოვებაზე უარი თქვა მისმა ცოლმა ვალია ვანიშვილმა.

ლუდმილა დენისოვამ აღნიშნა, რომ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის მსგავსად, რთულია იმ მოქალაქეების ცხოვრება, ვინც საქართველოში საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩა. მან ხურვალეთში ვიზიტის დასასრულს იმედი გამოთქვა, რომ საოკუპაციო მავთულხლართები როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში მალე აღარ იქნება და ამისთვის ცივილიზებულმა მსოფლიომ ოკუპანტი რუსეთის მიმართ სანქციები უნდა გაამკაცროს და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიმუშაოს.

დღეს საქართველოს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, მოახდინოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება, მათ არ შეუძლიათ მიიღონ არც სამედიცინო და არც სოციალური დახმარება საქართველოს ხელისუფლებისგან. ხალხს წლების განმავლობაში ეზღუდება ნათესავებთან კონტაქტი“, - დაწერა ფეისბუკის გვერდზე ლიუდმილა დენისოვამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 13 სექტემბერს უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლიუდმილა დენისოვამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მექანიზმების გასაუმჯობესებლად, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG