Accessibility links

site logo site logo

„ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის თქმით, „მთავარი არხის" ოპერატორი თავად გადავარდა


ზაზა გულიაშვილი

ქარელის მერობის კანდიდატის („ქართული ოცნებიდან") ზაზა გულიაშვილის მტკიცებით, „მთავარი არხის" ოპერატორი არავის გადაუგდია ოფისის მეორე სართულის აივნიდან.

გულიაშვილი რადიო თავისუფლება ელაპარაკა პარტიის ოფისში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ოპერატორი დაშავდა.

კანდიდატი განსხვავებულ ვერისას ჰყვება. მან გვითხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

„ჟურნალისტი და ოპერატორი იყვნენ მოსულები პარტიის ოფისში, იღებდნენ კადრებს. თავიდან ისინი ზრდილობიანად გაიყვანეს ოთახიდან. ეს ყველაფერი მეორე სართულზე ხდებოდა. მაგრამ ისინი ოფისიდან არ გასულან და აგრძელებდნენ მუშაობას. შემდეგ ერთი-ერთი ზონის კოორდინატორი შემოესწრო ამ ამბავს და ის ეუბნებოდა ნუ იღებო და კამერაზე ხელს უფარებდა. ოპერატორი უკან იხევდა. ამოსასვლელ კიბეზე პატარა მოაჯირია. ალბათ 60 სანტიმეტრი სიმაღლის, ადამიანს რომ მუხლამდე მისწვდება . უკან სვლისას ის ამ მოაჯირმა ვერ დაიჭირა და გადავარდა. ის არავის გადაუგდია, მით უმეტეს აივნიდან", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა გულიაშვილმა.

„მთავარი არხი" იუწყება, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. როგორც არხის შიდა ქართლის კორესპონდენტმა გიორგი ახალკაცმა გვითხრა, ოპერატორი მეორე სართულის აივნიდან გადააგდეს. ახალკაცის თქმით, ტელეკომპანიის ოპერატორს ფეხი აქვს დაზიანებული. ის ამჟამად საავადმყოფოშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG