Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რიონის ხეობის მცველები" მედიაციის პროცესს ტოვებენ


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც საზოგადოებაში "რიონის ხეობის მცველების" სახელით არიან ცნობილი, ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვეს. სამთვიანი დახურული პროცესის შესახებ ინფორმაცია მათ თავად გაავრცელეს.

"რაც შეეხება შესაძლო მედიაციის არსებით ნაწილს, ამ მხრივაც იყო მსჯელობა, კერძოდ, განისაზღვრა და შეთანხმდა ხელშეკრულებისა და გზშ დოკუმენტების შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა. სამინისტროების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს არის, ჯერჯერობით, ერთადერთი შეთანხმებული და ორივე მხარისთვის მისაღები საკითხი...

სექტემბრის დასაწყისში მედიატორი შვებულებიდან დაბრუნდა, მიმოწერა აღდგა და ონლაინ შეხვედრაც შედგა, მაგრამ ჩვენ, პროტესტის ჯგუფს, ამ კომუნიკაციაში მონაწილეობა აღარ მიგვიღია. არც სახელისუფლებო ჯგუფს და არც მედიატორს ჩვენი არყოფნა არ შეუნიშნავს, როგორც ჩანს, ჩვენი ჩართულობის აუცილებლობა ვერ დაინახეს", - აღნიშნავენ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები.

"რიონის ხეობის მცველები" აცხადებენ, რომ საპროტესტო მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა ამ პროცესში მიაღწია წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთაც, მათი აზრით, შეუქცევადად დააზიანებს პროტესტს.

"ხანგრძლივი, მშვიდობიანი და კონსტრუქციული პროტესტით ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა ცივილიზებული ფორმა, ყველა არსებული ტრიბუნა სამართლიანობის დასადგენად, ამასთანავე, მივცეთ საშუალება ხელისუფალსაც, იყოს სამართლიანი. ნამოხვანის პროცესში ევროკავშირის სტრუქტურის ჩართვა უდავოდ აჩენს ნდობის ნაპერწკალს, მაგრამ ეს ნდობა უპირობო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მძიმეა ის, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს, მაგრამ ასევე მძიმეა ისიც, რომ მედიატორი იხრება საკითხის ისეთი ფორმალური და ტექნიკური გადაწყვეტისკენ, რითაც მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფია დაინტერესებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ერთი წელია გრძელდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG