Accessibility links

site logo site logo

"ალმა" ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათივე კუთვნილ ბილბორდებზეა გამოკრული


სარეკლამო კომპანია "ალმა", რომელსაც თბილისის მერიისგან მინიჭებული ლიცენზიით უფლება აქვს, რომ ბანერები გააკრას ქალაქში, ემიჯნება იმ პლაკატების შინაარს, რომელიც მათ ბილბორდებზეა გაკრული. საუბარია წინასაარჩევნოდ ოპოზიციის საზიანოდ გამოკრულ წარწერებზე: "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!"

ამ ახალ პლაკატებზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული არიან ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ "ალმას" არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. "ალმა" ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას...

ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი", - ვკითხულობთ კომპანიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე წინასაარჩევნო პლაკატები გამოჩნდა. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ერთ-ერთი მათგანი კორონავირუსის ვაქცინაციაზე მოწოდების ბილბორდის ნაცვლად გაიკრა.

"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კი "როგორ ჩანს, ეს არის "მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG