Accessibility links

site logo site logo

დმანისში ოპოზიციური კანდიდატის ორი მხარდამჭერი დაჭრეს


ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

გიორგი ტატუაშვილის თქმით, მის მომხრეებს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების" ადგილობრივი შტაბის წევრები და „სუსის აგენტები“. ტატუაშვილი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელებმა ცივი იარაღი გამოიყენეს და მისი საარჩევნო შტაბის ორი წევრი დაჭრეს. კანდიდატის განცხადებით, მოძალადენი ისევ ის ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თავს ესხმოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ამისთვის გასამართლდნენ.

გიორგი ტატუაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციას ჯერ არ გამოუკითხავს დაზარალებულები და დაპირისპირების თვითმხილველები. მან ასევე განაცხადა, რომ იმედი არ აქვს გამოძიების, რადგან თავდასხმა „სუსის მიერ იყო ორგანიზებული“.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა დამნაშავეების დასჯასთან ერთად მოითხოვს, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას. მისი თქმით, საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიიდან მათთან დაკავშირებული ადამიანები უნდა მოიხსნან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა დმანისში მომხდარ ინციდენტს.

„არასასიამოვნო და შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომელსაც ვღებულობთ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ის ტრადიციული ფორმა, რომელიც დასაშვებია ცივილიზებულ სახელმწიფოში, რომ საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენო, ამიტომ, რასაკვირველია, შესაბამისი უწყებები, შს სამინისტრო ამით დაინტერესებულია. ამაზე, რასაკვირველია, ოპერატიულად დაიწყება საგამოძიებო მოქმედებებიც და რეალურად დადგინდება და გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს“, - თქვა დეპუტატმა.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, დადგენისთანავე ფაქტს უნდა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესცენტრს. მომხდარ ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG