Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საქართველო მზად არის კავკასიის რეგიონში სამშვიდობო ფუნქციის შესასრულებლად


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა და ქვეყანა მზად არის შეასრულოს სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

ღარიბაშვილმა და ერდოანმა ილაპარაკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის შედეგად, სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს შეთანხმება შეფასდა კარგ საფუძვლად მეზობლებს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოების პრიორიტეტულობაზეც და იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. ნიუ-იორკში შეხვედრისას ლაპარაკი იყო რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებსა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ერდოანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსონალური მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობის მიზნით, ნიუ-იორკში 20 სექტემბრიდან იმყოფება. სესიის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს და მონაწილეობა მიიღო მისი ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის დიალოგში, ავღანეთის თემაზე.

ავსტრიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ავღანელ ხალხს და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც განაგრძობს ნატოსა და მისი მოკავშირეების გვერდით დგომას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად დაესწრო პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მიერ ორგანიზებულ სამუშაო სადილსაც, რომლის დროსაც მხარეებმა ილაპარაკეს ევროკავშირთან ინტეგრაციასა და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრ შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰსაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.

XS
SM
MD
LG