Accessibility links

site logo site logo

გერმანიის ტანგო სამისთვის


რიკარდ იოზვიაკი

არცერთი აშკარა გამარჯვებული, ორი პოტენციური "კინგმეიქერი", ისტორიაში დღემდე არნახული გამანადგურებელი შედეგი უმერკელო მემარჯვენე ცენტრისთვის, უკუსვლა ექსტრემალური ძალებისთვის და რაც მთავარია, სავარაუდოდ შობამდე, ან მას შემდეგაც კი გაჭიანურებული, ხანგრძლივი მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად - ეს არის გერმანიაში ფედერალური არჩევნების მთავარი შედეგები.

არ მოტყუვდეთ, ევროკავშირის ყველაზე დიდ და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ ქვეყანაში, გუშინდელი კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილების გამოხატვა, ნამდვილად რთული იქნება ნესმისმიერი პარტიისთვის.

რასაკვირველია, სოციალ -დემოკრატებმა (SPD) ხმების 26% –ით და 1,6 პროცენტიანი გადამწყვეტი სხვაობით, ანუ ათი დეპუტატით გაასწრეს მის მთავარ კონკურენტსა და ბოლო ოთხი წლის კოალიციურ პარტნიორს, მემარჯვენე ცენტრისტების კონსერვატიულ გაერთიანებას CDU/CSU– ს. პარტიისთვის, რომელიც ამ რამდენიმე თვის ყველას მომაკვდავი ეგონა, ეს ცხადია გასაოცარ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

სოციალ დემოკრატებმა გააუმჯობესეს 2017 წლის უსუსტესი შედეგი და ოლაფ შოლცი, ფინანსთა მინისტრი და ქვეყნის კანცლერობის კანდიდატი SPD-დან, როგორც ჩანს ანგელა მერკელს ჩაანაცვლებს, რომელსაც ქვეყნის სადავეები 16 წელი ეპყრო ხელთ. შოლცი გამოკითხულთა აზრით, ყველაზე პოპულარული არჩევანია მათ შორის, ვინ კანცლერობისთვის იბრძვის.

და მაინც, არსებობს განცდა, რომ ის და მისი პარტია სათავეში მოექცნენ იმის გამო, რომ სხვებმა მოახერხეს და უარეს შედეგებს მიაღწიეს.

CDU/CSU– მ არსებობის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა - მიიღო არჩევნებზე მისულთა ხმების მხოლოდ მეოთხედი.

მაშინ, როდესაც მერკელი 2005 წლიდან მოყოლებული 4-ჯერ ზედიზედ ამომრჩეველთა უპირობო რჩეული და უკონკურენტო გამარჯვებული იყო - ის ზედმიწევნით არ მოემზადა პოლიტიკური სცენიდან გასვლისთვის - პარტიამ მის მიერ შერჩეული მემკვიდრე არმინ ლაშეტი ვერ გაითავისა.

ის დრო, როდესაც ქრისტიან-დემოკრატები, სოციალ დემოკრატებთან ერთად, საერთო ხმების ნახევარს ან მეტს ისრუტავდენ არჩევნებისას, წარსულს ჩაბარდა.

მაგრამ არც იმას უჩანს პირი, რომ მესამე ძალა გაძლიერდეს გერმანიის პოლიტიკაში.

მესამე ადგილზე 15% -ით გასულმა მწვანეებმა თითქმის გააორმაგეს წინა არჩევნების შედეგი- მაგრამ ამ საარჩევნო კამპანიის დროს იყო მომენტები, როდესაც გამოკითხვები მიუთითებდნენ, რომ პარტია 25% –იანი ნიშნულის გადალახვით არჩევნების ლიდერი უნდა გამხდარიყო. კამპანიის დროს, კანცლერის პოსტზე მწვანეების კანდიდატის, ანალენა ბაერბოკის მერყევმა ქცევამ, პარტიას ხელიდან გააშვებინა შესაძლებლობა, რომელიც მწვანეებს დიდხანს აღარც ექნება.

ან, ვინ იცის?

საარჩევნო ღამის ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი დიაგრამა იყო ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც მწვანეებმა და მეოთხე ადგილზე მყოფმა ლიბერალებმა (FDP) ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის მიირეს, პირველ ორ ადგილზე გასულ ძალებთან შედარებით. ეს მიუთითებს, რომ მომავალი, ყოველ შემთხვევაში, ახლა როგორც ჩანს, ამ წყვილის მხარეზეა.

მათ ჭკვიანურად უნდა ითამაშონ სამთავრობო კოალიციის მოლაპარაკებებში, რომელიც ფარულად უკვე დაწყებული იყო კენჭისყრამდეც კი, და აწი, მნიშვნელოვან ძალებს მოიკრეფს

ოპოზიციაში ყოფნა თითქმის ყოველთვის სასარგებლოა, რადგან ის მცირე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მაგრამ ორივე - ლიბერალები და მწვანეები ახლა უმცროსი პარტნიორები გახდებიან მოუქნელ, სამპარტიულ კოალიციაში, რომელიც ქვეყანას 2020 წლამდე მართავდა. უმცროს პარტნიორები კი, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ხდებიან განტევების ვაცები, როდესაც პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პრობლემები იჩენს თავს.

ჰკითხეთ სოციალ -დემოკრატებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მერკელს ოფისში ყოფნის დროს და ამის გამო ძლიერ ზარალდებოდნენ არჩევნებში.

დღეს ორი მთავარი კითხვაა- შეუძლიათ თუ არა ლიბერალებსა და მწვანეებს თანამშრომლობა? და რაც მთავარია, თუ თანამშრომლობენ, როგორი მთავრობა ურჩევნიათ - რომელსაც ხელმძღვანელობს CDU თუ SPD?

ამ ორ კითხვაზე პასუხის გაცემას დრო დასჭირდება. მაშასადამე, მოემზადეთ გერმანიისთვის, რომელსაც კარგა ხანს კვლავ პოსტის გარეშე დარჩენილი ანგელა მერკელი უხელმძღვანელებს.

მერკელი მოგზაურობებითა და დასვენებით გაჯერებულ პენსიაზე ოცნებობდა, მაგრამ ბერლინში ბევრი ფიქრობს, რომ მას დასვენება შობამდე და მის შემდეგაც, ჯერ არ მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ FDP და მწვანეები იბრძვიან ერთიდაიგივე ახალგაზრდა ურბანული ამომრჩევლის ხმებისთვის, ისინი ბევრ რამეში დიამეტრალურად განსხვავდებიან, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებში, სადაც პირველი მემარჯვენე, ფრთხილი და დისციპლინირებული დამოკიდებულებით გამოირჩევა და მწვანეებს კი, ფულადი სახსრების გაფრქვევა სურთ, მემარცხენე მიზნებისთვის.

აქ ბევრი შეუძლებელი მიზნის მიღწევა იქნება საჭირო- მწვანეებს სურთ მხარი დაუჭირონ მთავრობას სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით და როგორც ჩანს ეგრეთ წოდებული "შუქნიშნის" კოალიცია (სოციალისტური წითელი, ლიბერალები ყვითელი და მწვანეები), იქნება მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი.

ამომრჩეველმა ამჯერად მემარცხენე გადახრა აჩვენა და CDU/CSU-ს ალბათ რამდენიმე წლით ოპოზიციის გამოცდილების დაგროვება მოუწევს.

მიუხედავად ამისა, გერმანიის პოლიტიკაში ადრეც მომხდარა, რომ გამარჯვებულს არ ჩამოუყალიბებია მთავრობა და ეგრეთ წოდებული იამაიკის-კოალიციის (კარიბის ზღვის ქვეყნის დროშის ფერების მიხედვით- კონსერვატიული (შავი), ლიბერალები -(ყვითელი) და მწვანეები) ვარიანტს უმუშავია მშვენივრად რეგიონების დონეზე.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი მომავლისთვის? მიუხედავად იმისა, რომ ძნელია პროგნოზირება, ორი რამ ნათელია: ამ ზამთარს, გერმანია უბრალოდ არ იქნება წარმოდგენილი დიდად არც მსოფლიო სცენაზე და არც ევროკავშირის საქმეებში და ბერლინში, შიდა ვაჭრობით იქნება დაკავებული.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგი დრო დგება ავტოკრატებისთვის მთელს მსოფლიოში, ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად.

მაგრამ მომავალში, გერმანია კვლავაც დარჩება ევროკავშირისა და ნატოს მანდატების მქონე პრაგმატულ და მოზომილ ძალად.

ულტრამემარჯვენე ალტერნატივამ გერმანიისთვის (AfD) მოიპოვა ხმების 10,3 პროცენტი, დაკარგა 2 პროცენტზე მეტი 2017 წელთან შედარებით და ულტრამემარცხენე პარტიამ, Die Linke-მა შესაძლოა მიაღწიოს პარლამენტის 5% -იან ბარიერს, რაც თითქმის გაანახევრებს იმ შედეგს, რაც 2017 წელს მიიღო.

ყველა ფერის და ჯურის პოპულისტები შეიძლება კარგ შედეგს აღწევენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ გერმანიაში ცენტრი ისევ ცოცხალია და მყარად დგას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG