Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ (JDD) ინტერვიუში კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

გამოცემის შეკითხვაზე, ამოწურულია თუ არა საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, იგი ამბობს:

„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

„კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. კერძოდ, კითხვაზე, კიდევ აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი, მან თქვა, რომ „საქართველოს ინტეგრაციის ფორმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული“:

„ამ ლოდინისას კი უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. გამოცემამ მას შეკითხვა დაუსვა ასევე იმაზეც, რჩება თუ არა მიზნად ნატოში გაწევრიანება.

„დიახ. ეს ის პროცესია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს და, გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია. საქართველო წარმოდგენილი იყო ავღანეთში. ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია ნატოსთან ერთად წვრთნები გვაქვს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თქმითაც, ალიანსი ის ადგილია, სადაც „მომავალი უნდა იყოს მყარი“. რაც შეეხება საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში რუსეთის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:

„საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: - ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა.

პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პოზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მან რუსეთთან ურთიერთობები შეაფასა, როგორც „სრულიად გაყინული“ და თქვა, რომ ქვეყნებს შორის არანაირი დიალოგი არ არსებობს, „თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას“.

კითხვაზე კი, საჭიროა თუ არა მეტი სიმტკიცე პუტინთან, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ სიმტკიცე საჭიროა, რათა პატივი გცენ, თუმცა გამოსავლების შეთავაზებაც საჭიროა:

„მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლია ევროკავშირს, არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანი „კვირის ჟურნალთან“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG