Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრიდან სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში დასწრებულ რეჟიმში გაგრძელდება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებსა და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.

სწავლის პროცესში მოსწავლეები (ყველა კლასი) ვალდებულები იქნებიან, ატარონ პირბადე.

რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს, მათ უფლება ეძლევათ, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში. განათლების მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სასწავლებლებმა თავად უნდა მიიღონ.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს საშუალება ექნებათ, შეარჩიონ სწავლების როგორც დასწრებული, ისე ონლაინ ფორმატი.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული ყველა რეკომენდაცია:

"მინდა თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესში და მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება მშობლებზე. იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, რომ გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში, ჯანსაღი გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ოჯახებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ აიცრათ. რაც შეეხება პედაგოგებს, აცრილი პედაგოგების რიცხვი 65%-ს უახლოვდება. იუნისეფთან ერთად, სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ კამპანიას, რომ სკოლის მასწავლებლები, სკოლის პერსონალი, მაქსიმალურად იყოს აცრილი".

შეგახსენებთ, საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს, ონლაინრეჟიმში დაიწყო. მაშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საგანმანათლებლო სივრცეებში დაბრუნებას მოსწავლეები და სტუდენტები მაშინ შეძლებდნენ, თუკი ინფექციის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდებოდა.

28 სექტემბრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 7%-ია.

XS
SM
MD
LG