Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კირთაძე მამუკა მდინარაძის განცხადებას ბათუმში "ქართული ოცნების" დაბალ რეიტინგს უკავშირებს


"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე "ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრალდებებს ბათუმში ამ პარტიის დაბალი რეიტინგით ხსნის. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ უბნებში, რომლის ჩაშლაზეც მამუკა მდინარაძე საუბრობდა, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს მუდმივად იგებს.

"ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ შიდა კვლევებით ბათუმში რა რეიტინგიც აქვთ. ისინი არათუ 43 პროცენტს, 40 პროცენტსაც ვერ უახლოვდებიან. ძალიან კარგად იციან, რომ მერის არჩევნებში პირველსავე ტურში კატასტროფულად მარცხდებიან. მათ არ უშველა იმ სიძულვილის ბანერებმა, რომელიც ბათუმში გააკრეს, პირიქით მათ საწინააღმდეგოდ იმუშავა... ბატონ მდინარაძეს მოვუწოდებ შეწყვიტოს ჭორაობა ან ჩვენსავით ფაქტებით ისაუბროს..." - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა.

პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიცია გეგმავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს. მდინარაძემ ძირითად მოსალოდნელ პროვოკაციებად და დესტრუქციად დაასახელა საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანა, რათა ერთი მხრივ, ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა და მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების საქმიანობას. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებითვე, ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის მოპარვა, ხელმოწერებით მანიპულირებისა და საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გატანის გზით დისბალანსის ხელოვნურად გამოწვევა და საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად.

"მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა. აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრებია: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, 20, 28, 27, 102 და 103", - თქვა მდინარაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია "შარლ მიშელის შეთანხმების" შესაბამისად ხმების 43 პროცენტს ვერ აიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ 2024 წლამდე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG