Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აგზავნის: მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში


"მადლობა, ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს. ვაწვებით გამარჯვებამდე!" - ეს არის მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი გზავნილი მხარდამჭერების მიმართ, რომელიც ციხიდან გამოსულმა ხატია დეკანოიძემ გადასცა რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია იმართება.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა წერილი გამოატანა თავის ადვოკატსაც.

"ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით", - ეწერა წერილში, რომელიც საზოგადოებას დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

რუსთავის ციხესთან ისმის სიმღერა, ადგილზე ჩასულები არიან პარტიის ლიდერები და მედიას კომენტარს აძლევენ.

იმის გამო, რომ ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, რადიო თავისუფლება ადგილიდან პირდაპირ ეთერს ვერ გთავაზობთ.

XS
SM
MD
LG