Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი ფოთის პორტის მუშები არიან


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიების ოჯახის წევრი აცხადებს, რომ დაკავებულები ფოთის პორტის რიგითი მუშები არიან და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან კავშირი არ აქვთ. ზურაბ წოწორიას მეუღლემ და შალვა წოწორიას დედამ ვერიკო წოწორიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასთან სამართალდამცავები 3 ოქტომბერს, გამთენიას მივიდნენ და ოჯახის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანის შესახებ დასვეს კითხვები, მოგვიანებით კი მამა-შვილი გამოკითხვაზე წაიყვანეს.

"ფინანსური პოლიცია მოვიდა დილის 4 საათზე. არ ვიცი რასთან დაკავშირებით. რაღაც მანქანა აინტერესებდათ და ნახეს. შემდეგ ჩემს შვილს უთხრეს წამოდიო... გაჰყვა ჩემი მეუღლეც. გუშინ დამირეკეს და მითხრეს დავაკავეთო. არ ვიცი რატო დააკავეს", - ამბობს ვერიკო წოწორია.

მისი თქმით, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ელგუჯა ცომაიას, რადგან ის ოჯახის ნათესავია. ელგუჯა ცომაიას დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ვერიკო წოწორიას ინფორმაციით, მისი მეუღლე ზურაბ წოწორია მხოლოდ მოსაკითხად უკავშირდებოდა ელგუჯა ცომაიას, რადგან მას ცოლი გარდაეცვალა და ამის გამო თავს ცუდად გრძნობდა.

"ალბათ მასთან ნათესაურ კავშირს თუ უკავშირდება [დაკავება]. სანამ ჩემი მეუღლე და შვილი არ ჩამოვა, ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ ვიცი რა ხდება", - თქვა ვერიკო წოწორიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ ოჯახს არც ადვოკატი ჰყავს და არც ის იცის დაზუსტებით, რას ედავებიან დაკავებულებს. ამბობს, რომ ბოლოს 3 ოქტომბერს, ტელეფონით ესაუბრა შვილს შალვა წოწორიას, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ ფოთში იყო გამოკითხვაზე.

"გუშინ, 12 საათისთვის დამირეკა შვილმა და მითხრა დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად არის და მალე მოვალო სახლში. შემდეგ გადაიყვანეს ის თბილისში... გაურკვევლობაში ვარ", - ამბობს დაკავებულების ოჯახის წევრი.

სამართალდამცველებმა მამა - შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG