Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 წელს გადაცილებულ პირებს "ბუსტერით" აცრა შეუძლიათ


ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში სრული ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ 50 წელს გადაცილებულ პირებს "ბუსტერ" დოზის გაკეთება შეუძლიათ. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მიაწოდა მედიას.

"ბუსტერ" დოზის გაკეთება შეუძლიათ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ ნებისმიერი ასაკის პირებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

ვაქცინაციის საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის თქმით, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის "ბუსტერ" დოზის გაკეთება არ არის საჭირო. მანვე დააზუსტა, რომ "ბუსტერით" აცრა ეხება "ფაიზერით" აცრილ მოქალაქეებს, "სინოვაკით" და "სინოფარმით" აცრილთათვის კი ნებაყოფლობითი იქნება.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 828 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 228 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 1 711-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 6 ოქტომბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 7 815 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 844 965 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35%. სრულად ვაქცინირებულია 849 946 - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%.

საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG