Accessibility links

site logo site logo

უკვე აცრილ მოქალაქეებს, სამოგზაუროდ წასასვლელად, სასურველი ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ


ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა იმ პირს, რომელიც მოგზაურობას აპირებს და მიზნობრიობის დამადასტურებელ საბუთს წარადგენს, მისთვის სასურველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზას გაუკეთებენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მიაწოდა ინფორმაცია.

"განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღეში. შეგვიძლია იმ პირების ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან. ეს შეიძლება იყოს "ფაიზერის" ან ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა აღიარებს, სადაც ის პირი მიემგზავრება. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათი ვაქცინაცია", - თქვა გაბუნიამ.

რადიო თავისუფლებამ დეტალები ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტა. მაგალითად, თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზა "სინოფარმით" ან "სინოვაკით" და მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს ამ კონკრეტულ ვაქცინას, შეუძლია აიცრას, მაგალითად, "ფაიზერით". ეს წესი ამოქმედდება, როგორც კი შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდება. აცრისთვის საკმარისი იქნება ბილეთების წარდგენა, რითაც დადასტურდება მოგზაურობა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 828 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 228 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 1 711-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 6 ოქტომბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 7 815 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 844 965 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35%. სრულად ვაქცინირებულია 849 946 - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%.

საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG