Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერებს აკავებენ


რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს აკავებენ. მათ შორის იყო ზვიად კუპრავა. მას და მასთან ერთად რუსთავში ჩასულ ადამიანებს ციხის კედლებზე წარწერების გაკეთება - "თავისუფლება მიშას" - სურდათ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამი პირი.

პოლიციამ კუპრავა იმ მიზეზით დააკავა, რომ მას არ შეეძლო წარწერების გაკეთება, რადგან ადმინისტრაციული კოდექსით აკრძალულია შენობებზე წარწერების გაკეთება.

"მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად ჩამოვედით. ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე", - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც რუსთავის ციხესთან იყო მისული.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა თბილისიდან რუსთავში დაახლოებით 13:00 საათზე დაიძრა.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ზუსტად ერთი კვირაა უკვე, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG