Accessibility links

site logo site logo

გივი სილაგაძე: CRRC-ის კვლევით, თბილისელ ამომრჩეველს ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს


გივი სილაგაძე, CRRC-ის მკვლევარი

„თბილისის საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგი: რა სურთ ამომრჩევლებს“, - CRRC-მა, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“, დღეს, 12 ოქტომბერს გამართა ამ სახელწოდების საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია. კვლევის მიზნებსა და მიგნებებზე ორგანიზაციის მკვლევარმა გივი სილაგაძემ რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ილაპარაკა. გადაცემაში, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კვლევის მიზანი თვითმმართველობის პრობლემებზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობა იყო:

„იდეა თავიდანვე ის იყო, რომ შინაარსობრივი წინასაარჩევნო კამპანიისთვის შეგვეწყო ხელი, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის, თუ მედიააქტორებისთვის, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ყველასთვის მიგვეწოდებინა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა არის ეს პრიორიტეტები. თუმცა თითქოს დაიჩრდილა ეს ყველაფერი, ეს მნიშვნელოვანი საკითხები, თუმცა რადგან მეორე ტურებია, რადგან, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ აქტუალურია არჩევნების თემა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვქონოდა პრეზენტაცია“, - განაცხადა გივი სილაგაძემ, რომლის თქმითაც პრეზენტაციას დაესწრნენ როგორც თბილისის მერიის, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

რაც შეეხება მთავარ მიგნებებს, გივი სილაგაძემ „დღის საუბრებში“ აღნიშნა, რომ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის, 24%-ისთვის დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა.

„თბილისის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა დაასახელა უმუშევრობა, როგორც თბილისის ყველაზე მთავარი პრობლემა. მართალია, რთულია, რომ უმუშევრობა ექსკლუზიურად მხოლოდ თბილისის პრობლემად და ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემად განვიხილოთ, თუმცა საპილოტე კვლევის დროსაც იმდენად ხშირად ამოვიდა უმუშევრობა, რომ მოგვიწია, რომ ჩაგვემატებინა ამ კითხვარში. უმუშევრობის მიღმა გამოკითხულთა 13%-მა თბილისის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელა საცობები, 11%-მა ჰაერის დაბინძურება, 10%-მა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასე შემდეგ“, - განაცხადა გივი სილაგაძემ, რომლის თანახმად კითხვარში მოცემული პრობლემების ჩამონათვალი ზოგადად გრძელი იყო, თუმცა პირველი ოთხეული შემდეგნაირად დალაგდა.

გივი სილაგაძემ „დღის საუბრებში“ თქვა, რომ CRRC-ის კვლევის საგანი იყო ასევე საცხოვრებლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის შეფასება, ბოლო 4 წლის განმავლობაში ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების დინამიკის შეფასება და სხვა. მაგალითად, გამოკითხულთა 45%-ის აზრით, თბილისში ტრანსპორტით გადაადგილების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, 34%-ის შეფასებით კი უარესობისკენ.

რაც შეეხება კონკრეტულად საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 63%-ის აზრით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გაუმჯობესებულია, 16% კი ფიქრობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში შეკითხვა დაისვა ასევე ავტობუსების ზოლების შესახებ. კერძოდ, ავტობუსების ზოლების ყველგან მოწყობას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 79%-მა, რომელმაც მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო ტრანსპორტის. ამ მოსაზრების წინააღმდეგი გამოკითხულთა 11% აღმოჩნდა.

გივი სილაგაძის განმარტებით, კვლევა 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტელეფონით 3000-მდე რესპონდენტი გამოიკითხა. მისივე თქმით, კვლევა „დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა“ დააფინანსა და მისი ცდომილების ზღვარი 1,8 %-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG