Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთიდან თბილისში აქციაზე მიმავალ ავტოკოლონას გზად ცოცხებით და გინებით დახვდნენ


კახეთიდან თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს თელავი-ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეებმა საპროტესტო კორიდორი მოუწყვეს, ცოცხებით ხელში მდგომნი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ავტოკოლონაში მყოფებს.

ავტოკოლონა თელავიდან ცოტა ხნია წინ დაიძრა. მათ სხვა მუნიციპალიტეტებიდან, გომბორის უღელტეხილზე შეუერთდებიან.

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, აქცია ხალხმრავალი იქნება.

„ასიათასობით ადამიანი გვიერთდება. მოხალისეები გვაკითხავენ, რომლებიც აქამდე ჩვენთან არ გამოჩენილან და აქციაზე წამოსვლის სურვილს გამოხატავენ. იყოს "ქართული ოცნება" ცოცხებით, ჩვენ ვიქნებით დროშებით”, - განაცხადა ბოტკოველმა.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისში აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის მზადებაა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაა.

კახეთიდან მომავალ ავტოკოლინას ცოცხებით დახვდნენ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:35 0:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.

საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

XS
SM
MD
LG